მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზმაუ არაერთხელ გამხდარა თავდასხმის სამიზნე, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, წარმოუდგენელია - თამთა სანიკიძე

თამთა სანიკიძე

„2012 წლიდან დღემდე არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, ვინმეს ეკადროს პოლიტიკური კონტექსტის გატარება

საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წამყვანი თამთა სანიკიძე აცხადებს, პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკა დამოუკიდებელია.

„2012 წლიდან დღემდე არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, საინფორმაციო სამსახურის რომელიმე ხელმძღვანელს ეკადროს პოლიტიკური კონტექსტის გატარება“, - თქვა მან საზმაუს სპეცეთერში, რომელიც პროევროპული აქციის მონაწილე ადამიანების მოთხოვნით დაიგეგმა.

მოქალაქეების გარკვეული ჯგუფის მთავარი პრეტენზია ის არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა საზოგადოების მოთხოვნას არ პასუხობს.

პრეტენზიებს არ იზიარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი და მათ შორის არის თამთა სანიკიძე, რომელმაც 2005 წლამდე პერიოდი გაიხსენა, როცა პირველი არხიდან გამოუშვეს და თქვა, რომ მაშინ ნამდვილად ხდებოდა პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა, მაგრამ 2012 წლიდან - აღარ.

„ეს ტელევიზია არაერთხელ გამხდარა თავდასხმების სამიზნე, მაგრამ ის რაც დღეს ხდება ტელევიზიაში, არის წარმოუდგენელი და ჩვენი მოთმინების ზღვარს ცდება.

დღეს აქ ძალიან ბევრჯერ ახსენეს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, საკადრო ტექსტებში ჩარევა, რესპონდენტების შერჩევაში ჩარევა...

მახსოვს, მეც და კიდევ ბევრი ჩემი კოლეგა დაგვიბარეს და აბზაც-აბზაც გვისწორებდნენ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, როგორი გზავნილები უნდა ყოფილიყო ჩვენს რეპორტაჟებში. მე მაშინ სოციალური მიმართულებით ვმუშაობდი, მაგრამ ყველა სფეროში იყო გაკონტროლების მცდელობა და ამაში დამეთანხმება ბევრი ჩემი კოლეგა, ვინც მაშინ, 2005 წლის ბოლოს გაგვიშვეს ამ არხიდან.

2013 წელს დავბრუნდი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მე-12 წელია ვარ ამ არხზე და ვამაყობ, რომ ვარ საზმაუს ჟურნალისტი და 2012 წლიდან დღემდე არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, როცა ჩემს საკადრო ტექსტში ჩარეულიყოს საინფორმაციო სამსახურის რომელიმე ხელმძღვანელი. არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, რომ რომელიმეს ეკადროს პოლიტიკური კონტექსტის გატარება.

არქივი არსებობს და გავარჩიოთ რა ნაწილში დაირღვა პროფესიული სტანდარტი“, - განაცხადა თამთა სანიკიძემ.

ამასთან, მან დაგმო საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტებზე ძალადობა და დაშავებულ კოლეგებს გამოჯანმრთელება უსურვა.

ინფორმაციისთვის: საზოგადოებრივი მაუწყებლის ამავე სპეცეთერში არხის სარედაქციო პოლიტიკაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა მოქმედმა თანამშრომელმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები