საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების სისტემა შესაძლოა, შეიცვალოს. დეპუტატ რომან გოცირიძის ინიცირებულ კანონპროექტს „მაუწყებლის შესახებ კანონში“ ცვლილებების შესახებ მხარს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეც უჭერს.
არსებული მოდელით, საზმაუს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის წინა წლის მშპ-ის 0,14%-ით არის განსაზღვრული. რომან გოცირიძე ამბობს, რომ აღნიშნული ნორმა უპრეცედენტოა, რადგან ანალოგიური გამონაკლისი არ ვრცელდება არცერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ.
დროებითი გამონაკლისის სახით ჯერ კიდევ 2009 წელს დაწესებული ამ ნორმის ცვლილებების მომხრეა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეც. რომან გოცირიძის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტის მიღების შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის დაფინანსება დამოკიდებული იქნება არა მშპ-ს ნომინალურ ზრდაზე, არამედ განსახორციელებელი პროექტების საერთო ღირებულებაზე და ამავდროულად მომდევნო წლის ბიუჯეტი იქნება არანაკლებ წინა წლის ბიუჯეტის ოდენობისა.
იურისტი დავით კლდიაშვილი საზმაუს დაფინანსების არსებული სისტემის შეცვლაზე მსჯელობის დაწყებას მიესალმება, რადგან თვლის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების არსებული სისტემა აჩენს რისკებს, საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად დაიხარჯოს, მეორე მხრივ კი ის, რომ შემოთავაზებული კანონპროექტით დაგეგმილი პროექტების მიხედვით მოხდება დაფინანსების განსაზღვრა, ასევე გარკვეულ კითხვებს აჩენს.
„ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით შევიდეს კანონმდებლობაში ცვლილებები და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება არ იყოს პირდაპირ დაკავშირებული მშპ-სთან.
მეორე მხრივ, შემოთავაზებული ცვლილებები გულისხმობს იმას, რომ თანხები ბიუჯეტიდან გამოიყოფა იმის მიხედვით, რა საჭიროება ექნება საზოგადოებრივ მაუწყებელს. ერთი შეხედვით ძალიან ლოგიკური და კარგია, მაგრამ მეორე მხრივ უნდა ვიფიქროთ, ვინ და რა კრიტერიუმების საფუძველზე მოახდენს ამ საჭიროების შეფასებას. მაგალითად, ეს შეიძლება ცვლადი იყოს. ვიცით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყიდულობს მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლებას და იმ წელიწადში შეიძლება გარკვეულწილად უფრო დიდი ბიუჯეტი სჭირდებოდეს, მეორე წელს უფრო ნაკლები, ამ შემთხვევაში პრობლემა ჩნდება, ვინაიდან შემდეგი წლის ბიუჯეტი შეიძლება იყოს ნაკლები წინა წლის ბიუჯეტზე და ა.შ
საბოლოო ჯამში ჩემი პოზიციაა, რომ ზოგადად მსჯელობის დაწყება და შეცვლა იმ პრინციპის, რაც უკვე გვაქვს, კარგია, რადგან შეამცირებს არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ახალი ბიუჯეტი რა კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება და ვინ განსაზღვრავს. ვინ-ში იგულისხმება ის, თუ რამდენად ვენდობით ჩვენ, საზოგადოება, რომ ჩვენივე ფული დაიხარჯება ეფექტიანად“, - აცხადებს დავით კლდიაშვილი.
„მაუწყებლის შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2014-2023 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება ყოველწლიურად დაახლოებით 6,3 მილიონი ლარით იზრდებოდა. მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის თანახმად, 2023 წელს მაუწყებლის დაფინანსება წინა წელთან შედარებით 18,8 მილიონი ლარით გაიზარდა და 101,2 მილიონ ლარს შეადგენს. თუ არსებული დროებითი ნორმა შეიცვლება, კანონპროექტის მიხედვით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ბიუჯეტი დაახლოებით 60 მილიონ ლარს დაზოგავს.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ითქვა, აღნიშნული ცვლილებების პროექტის განხილვას პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყებს.