კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი Facebook-ზე წერს, რომ საზოგადოებას სურსათზე მაღალი ფასი სამართლიანად აღელვებს და ამის მოგვარების ყველაზე ეფექტიანი გზა კონკურენციის ხელშეწყობაა.
"საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტური პრინციპებია თავისუფალი ბაზარი და კონკურენცია. სახელმწიფოს როლი ასეთ სისტემაში არ არის ფასების ხელოვნურად რეგულირება, არამედ მონოპოლიებისა და კარტელური შეთანხმებების არდაშვება. სწორედ ამისთვის არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური.
ანტიმონოპოლიური სამსახურის მთავარი ფუნქციაა:ბაზრის მუდმივი დაკვირვება და მონიტორინგი, ბაზრის სუბიექტების ქცევის ანალიზი, საჩივრების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში გამოძიების ჩატარება მონოპოლიური ან კარტელური შეთანხმებების გამოვლენის მიზნით.
დღეს საზოგადოებას სასურსათო პროდუქტების მაღალი ფასები სამართლიანად აღელვებს. ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტიანი გზა კონკურენციის გაძლიერებაა. საჭიროა დადგინდეს, ხომ არ არსებობს ისეთი შეთანხმებები ან ხელოვნური ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას — როგორც დისტრიბუციის, ისე საცალო ვაჭრობის დონეზე.საბაზრო ეკონომიკის კანონების მიხედვით: კონკურენციისა და მიწოდების ზრდა იწვევს ფასების შემცირებას, ხოლობაზრის მონაწილეთა სიმცირე, პირიქით, ფასების ზრდის რისკს აძლიერებს. შესაბამისად, რაც უფრო მეტია ბაზარზე მოქმედი მაღაზია და დისტრიბუციული კომპანია, მით უფრო იზრდება მიწოდება და ყალიბდება უფრო დაბალი და სამართლიანი ფასები.
ამ პროცესში სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა: უზრუნველყოს ღია და სამართლიანი კონკურენციის პირობები, არ დაუშვას მონოპოლიები, დროულად გამოავლინოს და აღკვეთოს კარტელური შეთანხმებები. ამასთან, ფასებზე ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტრანსპორტირების, ლოგისტიკისა და ენერგორესურსების ღირებულებაც.. საბოლოოდ, კონკურენციის განვითარება ეკონომიკის ყველა სფეროში წარმოადგენს ყველაზე სწორ გზას სამართლიანი საბაზრო ფასების ჩამოსაყალიბებლად და თითოეული მომხმარებლის ინტერესების დასაცავად", - წერს დაუშვილი Facebook-ზე.
"ფასების კომისიამ", რომელსაც "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, კომისიის წარმომადგენლები სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დღეს, 23 იანვარს კი - დისტრიბუტორებს.




























