მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სჭირდება თუ არა საქართველოს IMF-ის ახალი პროგრამა? - ალეხანდრო ჰაჟდენბერგის პასუხი

imf

"მთავრობის გადასაწყვეტია, უნდათ თუ არა მათ IMF-ის ახალი პროგრამა" - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა BMG-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად სჭირდება საქართველოს IMF-ის ახალი პროგრამა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების, ევროინტეგრაციის შეჩერებისა და დასავლელ პარტნიორებთან გართულებული ურთიერთობების ფონზე, ჰაჟდენბერგი აღნიშნავს, რომ გარკვეული სისუსტეების მიუხედავად, საქართველოს ძლიერი პოზიციები აქვს და IMF ქვეყანას დამატებით სარგებელს აძლევს.

"IMF-ის ბოლო პროგრამა ე.წ. პრევენციული პროგრამა იყო, რომელიც ფინანსურ მხარეს არ ითვალისწინებდა და ერთგვარი უსაფრთხოების ბადე იყო იმ შემთხვევისთვის, თუ რისკები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას ახლდა თან, მატერიალიზდებოდა, რაც არ მოხდა.

ამჟამად საქართველოს ძლიერი პოზიცია უჭირავს ბუფერული მიმართულებით, რეზერვები რჩება ერთ-ერთ სისუსტედ, თუმცა ზოგადი სიტუაცია ძლიერია. IMF-ის პროგრამის სარგებელი კი ისაა, რომ ის აძლიერებს და აუმჯობესებს გზებს, რომლებითაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყანას ეხმარება. თუ ქვეყანას IMF-ის პროგრამა აქვს, მას უფრო მეტი რესურსი დაეთმობა, ვიდრე ქვეყანას, რომელსაც პროგრამა არ აქვს. ჩატარდება უფრო მეტი მისია, იქნება უფრო დიდი ტექნიკური დახმარება, უფრო დიდი გუნდები - ამ სარგებელს იძლევა IMF-ის პროგრამა", - განაცხადა ალეხანდრო ჰაიდენბერგმა.

IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა , რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.

ამ ფაქტების გამო, IMF-ის პროგრამა შეჩერდა, რადგანაც საქართველოს მთავრობას ფონდთან გაფორმებულ მემორანდუმში ვალდებულებად ჰქონდა აღებული, რომ ხელისუფლება ფონდთან შეუთანხმებლად სებ-ის კანონმდებლობას არ შეცვლიდა, პარლამენტის მიერ დაძლეული ვეტო კი სწორედ ამ ვალდებულების დარღვევას წარმოადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები