PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის, გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ბანკების მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება დიდი შეცდომა და დარტყმა იქნება მთლიანად სექტორისთვის.
როგორც ხიშტოვანმა BMG-სთან განაცხადა, სექტორი ერთგვარი დილემის წინაშეა საერთაშორისო ფინანსური სანქციების შესრულებას და ეროვნული ბანკის საგამონაკლისო წესს შორის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბანკებმა სიმტკიცე გამოიჩინონ და სანდო პარტნიორის რეპუტაცია არ დააზიანონ.
რაც შეეხება თავად ეროვნული ბანკის განცხადებას, გიორგი ხიშტოვანი აღნიშნავს, რომ ბანკებისთვის სანქციების აღსრულების წინაპირობის დაყენება არასწორია და ფინანსურ სტაბილურობას უშლის ხელს.
"სებ-ის მიერ სანქციების აღსრულების წინაპირობის დაწესება თავის დროზეც იყო შეცდომა, გვახსოვს დიდი დაპირისპირება გამოიწვია სებ-ში ბრძანებაში ცვლილების შეტანამ, იმჟამინდელი მენეჯმენტის უმეტესობა ასეთი ტიპის გამონაკლისის დაშვებას ეწინააღმდეგებოდა. სამწუხაროა, რომ ერთი წლის შემდეგ ისევ ამაზე აპელირებს ეროვნული ბანკის და რაღაც პირობებს უყენებს კომერციულ ბანკებს, თუ როდის შეძლებენ სანქციების აღსრულებას. ასეთი წინაპირობები არასწორია და ხელს უშლის ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობას. ერთი მხრივ არის საერთაშორისო ვალდებულებები და ეს საერთაშორისო ვალდებულებები უნდა დაიცვან ბანკებმა და მეორე მხრივ, არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც ფაქტობრივად წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებთან, ვინაიდან დამატებით პირობას უყენებს კომერციულ ბანკებს სანქციების აღსრულების ნაწილში. ეს დილემური სიტუაცია თავისთავად მესახება პრობლემად, რადგან რაღაც წესის დარღვევისკენ უბიძგებს კომერციულ ბანკებს. საერთაშორისო დონეზე ეს იქნება შელახული რეპუტაცია, გართულებული ან გრძელვადიან პერსპექტივაში შეწყვეტილი ბიზნეს ურთიერთობები პარტნიორებთან, ხოლო ადგილობრივ დონეზე, შეიძლება ასეც გავიგოთ ეს განცხადება, რომ რეგულატორი აფრთხილებს მისი რეგულაციის ქვეშ მყოფ ერთეულებს. იმედი მაქვს, ამის მიუხედავად საბანკო სექტორი მყარი იქნება და დარჩებიან იმ პოზიციებზე, რაც აქამდე ჰქონდათ. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, სასურველი საერთაშორისო ვალდებულებების წინ დაყენება იქნება. ვიმედოვნებ და ვვარაუდობ, რომ ბანკები საერთაშორისო ვალდებულებებს სრულად აღასრულებენ“,- თქვა გიორგი ხიშტოვანმა.
16 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ხაზინამ საქართველოს ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციების პაკეტი წარადგინა. აშშ-ის ხაზინამ 4 ადამიანი - შსს-ის სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრორუსული პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა. მათ ფინანსური სანქციები გლობალური მაგნიტსკის სიის ფარგლებში დაუწესდათ. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფართოვა სავიზო სანქციებიც და ის დაუწესა 60 პირსა და მათ ოჯახის წევრებს, ვინც ქვეყანაში დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, დეზინფორმაციის გავრცელებასა და კორუფციაში არიან ჩართული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საბანკო ასოციაციაში bm.ge-სთან აღნიშნეს, რომ კომერციული ბანკები წარსულშიც იცავდნენ და მომავალშიც დაიცავენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.
საგულისხმოა, რომ გასულ წელს, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანებით სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
საკითხზე ეროვნულმა ბანკმა დღეს, 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომელიც საგამონაკლისო წესის ტექსტს იმეორებს. სებ-ის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.