PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის, გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, აშშ-ის ფინანსური სანქციების აღსრულებაზე ეროვნული ბანკის განცხადება ურთიერთგამომრიცხავია.
საქმე ისაა, რომ აშშ-ის ხაზინამ საქართველოს 4 მოქალაქეს ფინანსური სანქციები დაუწესა. საკითხზე ეროვნულმა ბანკმა დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
გიორგი ხიშტოვანი აღნიშნავს, რომ სცენარის ასეთი განვითარება მოსალოდნელი იყო და ძალიან სახიფათოა. მისი შეფასებით, შუალედური გადაწყვეტები, რომ მაგალითად სანქცირებულ პირებს ლარში შეუნარჩუნდეთ ანგარიშები და ეროვნულ ვალუტაში გადარიცხვები შეძლონ, კონტრპროდუქტიული იქნება. ის იმედოვნებს, რომ ასეთი გადაწყვეტა არ იქნება არჩეული.
"თვითონ განცხადება ურთიერთგამომრიცხავი მეჩვენება. გამძლეობა საბანკო ასოციაციას და კომერციულ ბანკებს. მნიშვნელოვანი იქნება აქ ერთიანობის ჩვენება. ნახევარ გადაწყვეტები (დოლარის ანგარიშს და გადარიცხვებს არ დავუშვებთ; მაგრამ, ლარის ანგარიშს შევუნარჩუნებთ, რომ ხელფასი ჩაერიცხოთ) დროებითი და კონტრპროდუქტიული მეჩვენება. რადგან უფრო მასშტაბური სანქციების მოლოდინი არსებობს, პრეცედენტული ქეისია და ბევრი იქნება დამოკიდებული მის გადაწყვეტაზე",- დაწერა გიორგი ხიშტოვანმა სოციალურ ქსელში.
16 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ხაზინამ საქართველოს ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციების პაკეტი წარადგინა. აშშ-ის ხაზინამ 4 ადამიანი - შსს-ის სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრორუსული პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა. მათ ფინანსური სანქციები გლობალური მაგნიტსკის სიის ფარგლებში დაუწესდათ. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფართოვა სავიზო სანქციებიც და ის დაუწესა 60 პირსა და მათ ოჯახის წევრებს, ვინც ქვეყანაში დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, დეზინფორმაციის გავრცელებასა და კორუფციაში არიან ჩართული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საბანკო ასოციაციაში bm.ge-სთან აღნიშნეს, რომ კომერციული ბანკები წარსულშიც იცავდნენ და მომავალშიც დაიცავენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.
შეგახსენებთ, გასულ წელს, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანებით სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.