MKD იურიდიული ფირმის უფროსი პარტნიორის, ვიქტორ ყიფიანის შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის ფინანსური სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა და რისკები კომერციულ ბანკებს გადაულოცა.
მან BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბანკები რთული დილემის წინაშე არიან, ვინაიდან თუ საერთაშორისო სანქციებს დაემორჩილებიან და მარეგულირებლის დათქმას უგულებელყოფენ, შესაძლოა სებ-თან და კლიენტთან მოუწიოთ დავა.
„სანამ ამოქმედდებოდა ეროვნული ბანკის ცნობილი ბრძანება, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით ნებისმიერი სანქცია ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ შედგება საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოს ბანკები საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად მოქმედებდნენ. ეროვნული ბანკის ამ ბრძანებამ ქართული ბანკები ძალიან რთული დილემის წინაშე დააყენა, პრაქტიკულად ორ ცეცხლს შუა იმყოფებიან. ვთვლი, რომ ეროვნული ბანკის განმარტება ამ შემთხვევაში მეტად არასაკმარისია და ვერავითარ კომფორტს ვერ უქმნის ამ თუ იმ კომერციულ ბანკს, რომ აღარაფერი ვთქვათ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ ორ სისტემურ ბანკზე. რეალურად, ეროვნული ბანკის მიერ წარმოშობილი დილემა სწორედ ამაში გამოიხატება, რომ კონკრეტული ბანკის გადასაწყვეტია მოქმედების ესა თუ ის ფორმულა. როდესაც რისკებზე ვსაუბრობთ, ერთი მხრივ არის საერთაშორისო სანქციის მიმართ დაუმორჩილებლობის შედეგად სტიგმა, ეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც ზოგადად სასანქციო პოლიტიკას ახასიათებს და ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც შეიძლება გამოუსწორებელი იყოს, ხოლო მეორე მხრიდან არის კონკრეტული ადგილობრივი სანქციები, რაც შეიძლება რეგულატორმა [ეროვნულმა ბანკმა] გამოიყენოს კომერციული ბანკის მიმართ“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
ამასთან, მან პრაქტიკულ სირთულეებზე ისაუბრა, რა შეიძლება მოხდეს, თუ ბანკი დაიცავს სებ-ის დათქმას და პირდაპირ ან ირიბად საერთაშორისო სანქციებს გვერდს აუვლის.
„დღეს, საერთაშორისო ტრანზაქციების უმეტესობა წარმოებს აშშ დოლარში, მიუხედავად სხვადასხვა პროგნოზებისა, რომ დოლარის ჰეგემონია დასასრულს უახლოვდება, განჭვრეტად მომავალში ეს პროგნოზები არ მართლდება. თუ დოლარის პრაქტიკულ მნიშვნელობას დავუბრუნდებით, საერთაშორისო ანგარიშსწორება ქეშად არ ხდება, ხდება გადარიცხვების გზით. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ქართულ კომერციულ ბანკს აქვს დოლარის დეპოზიტი. მის შესანარჩუნებლად და განსაახლებლად, მას აუცილებლად სჭირდება წვდომა აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე. აქედან გამომდინარე, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემიდან კეთილგანწყობა და ასევე, იმ დანაწესების შესრულება, რომელიც თითქოსდა აშშ-ის შიდა კანონმდებლობის საკითხია, მაგრამ აქვს გლობალური დატვირთვა, ქართული ბანკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
არის კიდევ ორი გარემოება. ერთი, მონაცემთა გადაცემა, რომელიც წარმოებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით. ამ კაბელების უმეტესობა აშშ-ის ტერიტორიაზე გადის. ინფორმაციის ნაკადი, რომელიც აშშ-ში შედის, შემდეგ იყოფა ორად: ერთი ნაკადი მიდის მიმღებთან, ხოლო მეორე - სადაზვერვო სამსახურში. ამიტომ კონტროლი ამ მხრივ გაასმაგებულია. კიდევ ერთი გარემოება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ქართული კომერციული ბანკის მხრიდან სანქციების არიდებას, ეს არის SWIFT-ის სისტემა. 9 სექტემბრის ცნობილი ტერაქტის შემდეგ დადგენილი წესით, SWIFT-ი იმის მიუხედავად, რომ ბელგიაშია განთავსებული, რეგულარულად ცვლის აშშ-ის შესაბამის უწყებებთან ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, ბანკების მხრიდან ასეთი სანქციების გვერდის ავლა პრაქტიკულად შეუძლებელია“,- განმარტავს MKD-ის უფროსი პარტნიორი.
მისი შეფასებით, ბანკების წინაშე არსებული რთული დილემის დაძლევის გზა მარეგულირებლის მიერ ბრძანების დაკორექტირებაა, თუმცა ვიქტორ ყიფიანი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს საკითხის სამართლის სფეროს სცილდება და პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
„იდეალური გამოსავალი ამ დანაწესის [სებ-ის საგამონაკლისო ბრძანების] გაუქმება იქნებოდა და შესაბამისად, საერთაშორისო სანქციების პირდაპირი ამოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე, რომ არა ის პოლიტიკური ხაზი, რომელიც ჩვენთვის ცნობილ სუვერენული დემოკრატიის განმტკიცებას და მასთან დაკავშირებულ მეტად ორიგინალურ კონცეპტუალურ მოსაზრებებს უკავშირდება. ეს იმდენად სამართლის საკითხი არაა, რამდენადაც არის პოლიტიკის საკითხი, ვინაიდან, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ცალსახად უნდა ითარგმნოს, როგორც პოლიტიკური ნების გადათარგმნა კონკრეტულ სამართლებრივ დანაწესში“,- ამბობს ვიქტორ ყიფიანი.
შეგახსენებთ, 16 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ხაზინამ საქართველოს ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციების პაკეტი წარადგინა. აშშ-ის ხაზინამ 4 ადამიანი: შსს-ის სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრორუსული პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა. მათ ფინანსური სანქციები გლობალური მაგნიტსკის სიის ფარგლებში დაუწესდათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საბანკო ასოციაციაში bm.ge-სთან აღნიშნეს, რომ კომერციული ბანკები წარსულშიც იცავდნენ და მომავალშიც დაიცავენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.
საგულისხმოა, რომ გასულ წელს, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანებით სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
საკითხზე ეროვნულმა ბანკმა 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომელიც საგამონაკლისო წესის ტექსტს იმეორებს. სებ-ის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.