სებ-ის საბჭოს 2024 წლის პირველი მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში, სებ-ის საცავში განთავსდება.
„ანალიტიკა“ დაინტერესდა, რამდენად იყო სებ–ის ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და რამდენად მიიღო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მწვანე შუქი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან. ეს კითხვა აქტუალურია იმ ფონზეც, რომ დღეს საქართველოში IMF-ის პროგრამა დიდწილად სწორედ სებ–ის მმართველობასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნების გამოა შეჩერებული.
„ანალიტიკა“–ს წერილობითი პასუხი IMF-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუელმა დაუბრუნა. როგორც ენდრიუ ჯუელი „ანალიტიკა“–ს ეუბნება, საერთაშორისო რეზერვებში ოქროს განთავსებით საქართველოს ეროვნული ბანკი გამონაკლისი არ არის.
„ცენტრალური ბანკებისთვის საკმაოდ დამახასიათებელია საკუთარი საერთაშორისო რეზერვების გარკვეული ნაწილი ოქროში განათავსონ. მეტიც, მართალია ოთხი ათწლეულის განმავლობაში ამ ტიპის რეზერვების კლების ტენდენციას ვაკვირდებოდით, გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ეს ტენდენცია ისევ შეიცვალა და გლობალურად, ცენტრალური ბანკების ოქროს რეზერვები ისევ ზრდის ტენდენციას აჩვენებს. ამ თვალსაზრისით სებ–ი გამონაკლისი არ არის. ოქრო ცენტრალური ბანკების მენეჯერების მიერ მიჩნეულია, როგორც უსაფრთხო აქტივი, ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური ვოლატილობის პერიოდებში“ – ასე უპასუხა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენლმა ენდრიუ ჯუელმა „ანალიტიკა“–ს.
„ანალიტიკა“–ს ჩაკითხვაზე – ამ გადაწყვეტილებამდე გაიარა თუ არა კონსულტაცია სებ–მა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან – IMF-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის პასუხია, რომ „კონსულტაცია შედგა“ და რომ „სებ–ის ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის სრულიად მოულოდნელი არ ყოფილა“.