მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის პრეზიდენტს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეეძლოს – IMF-ის რეკომენდაცია

IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი გადაცემა “ანალიტიკასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ მათი რეკომენდაციაა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც მთლიანად საბჭოს გააძლიერებს. როგორც ჯუველი აღნიშნავს, საუბარია ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ისეთი ცვლილების შეტანაზე, რომელიც საბჭოს როგორც კოლეგიალურ ორგანოს გააძლიერებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესს საბჭოს დაუქვემდებარებს.

ამასთანავე, ენდრიუ ჯუველი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ორგანულ კანონში შევიდეს ისეთი ცვლილება, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობის გადაცემის პროცესს მკაფიოდ განსაზღვრავს.

“რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: სებ–ის საბჭოში დღეს 4 ვაკანსიაა. კარგი იქნებოდა, რომ ეს პოზიციები შევსებულიყო კვალიფიციური კადრებით. ამ ნაწილში სიამოვნებით დავინახავდით რაიმე წინსვლას. ჩვენ გვსურს ასევე დავინახოთ როგორ აწესრიგებს სებ–ის შესახებ კანონი თანამდებობის გადაცემის პროცესს. დღეს ასეთი ჩანაწერი კანონში არ არსებობს. ჩვენ ასევე გვსურს, გავაძლიეროთ სებ–ის საბჭოში არა–აღმასრულებელი წევრების როლი და საზედამხედველო ფუნქცია. ასევე მიგვაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს დღეს არსებული საპრეზიდენტო წესი, რომლის მიხედვითაც, სებ–ის პრეზიდენტს აქვს უფლება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები და ის შეიცვალოს კოლეგიალური მოდელით, როდესაც პრეზიდენტს ბორდის წევრების მხარდაჭერა დასჭირდება გადაწყვეტილებების გასატანად”, - განაცხადა ენდრიუ ჯუველმა ელენე კვანჭილაშვილის "ანალიტიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ამასთანავე, ენდრიუ ჯუველი ვრცლად საუბრობს იმ ძირითადი მიზეზების შესახებ, რომელთა გამოც საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის მეორე მიმოხილვა შეჩერდა. როგორც ჯუველი აღნიშნავს, ეს განაპირობა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამ და სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებამ. პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების საგამონაკლისო წესიც მიიღო, რაც ჯუველის განცხადებით, საქართველოს ფინანსური სისტემის შესახებ გაურკვევლობას ზრდიდა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ BMG TV-ზე გადაცემა "ანალიტიკას" 7 თებერვლის ეთერში 16:05-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები