მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი IMF-ის შეჩერებული პროგრამის აღდგენისთვის ინტენსიურად მუშაობს - თურნავა

ნათია თურნავა

"საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას დროებით შეჩერებული პროგრამის უმოკლეს პერიოდში აღსადგენად", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ბო ლისთან შეხვედრაზე განაცხადა.

საუბრისას მხარეებმა გამოთქვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი, რათა შესრულდეს არსებული რეკომენდაციები და სწრაფად მოხდეს სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის (Stand-by Arrangement (SBA))  აღდგენა და მიმოხილვის დასრულება.

შეგახსენებთ, რომ სსფ-თან ეროვნული ბანკი 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს.  დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ის დადებითი განწყობა, რომელიც საქართველოს ცენტრალურ ბანკსა და სავალუტო ფონდს შორის წლების განმავლობაში არსებობს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მარაქეშში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.

IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვა შეჩერდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შეიქმნა, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. კანონის მიღების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავა აირჩია. 

IMF აცხადებდა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები მათთან შეთანხმებული არ იყო, რაც ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის პირობების დარღვევას წარმოადგენდა. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც IMF-სა და საქართველოს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა სანქციების აღსრულების წესში შეტანილი გამონაკლისია, რასთან დაკავშირებითაც სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება ფონდის შეშფოთებას იწვევს.