ბოლო რამდენიმე კვირაა საქართველოს ბაზარზე საწვავის ფასები იზრდება. ამჟამად რეგულარის მარკის ერთი ლიტრი ბენზინი საშუალოდ 3.17 ლარი ღირს, მაშინ როდესაც ერთი თვის წინ საშუალო ფასი 2.79 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ერთ თვეში სახეზეა 38-თეთრიანი მატება, რაც 14%-იან გაძვირებას წარმოადგენს.
საწვავის ფასების ზრდა გლობალურ ბაზარზე ენერგომატარებლების გაძვირებას, ასევე საქართველოსთვის ძირითადი მომწოდებლის, რუსეთის ფედერაციის მიერ საწვავის ექსპორტის შეზღუდვას უკავშირდება. ბენზინის და დიზელის გაძვირებას სექტემბრის თვის ინფლაციაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია, თუმცა სებ-ი მოელის, რომ უკვე ოქტომბრის ინფლაციაში ის ერთ-ერთი საგულისხმო ფაქტორი იქნება.
"ბოლო პერიოდში საწვავის ფასების სწრაფი ზრდა სექტემბრის ინფლაციაზე მხოლოდ ნაწილობრივ აისახა. მოსალოდნელია, რომ დანარჩენი ზრდა ოქტომბრის ინფლაციაზე აისახება,”- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
სექტემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0.7 პროცენტი შეადგია, რაც აგვისტოს ინფლაციაზე 0.9%-ზე ნაკლები იყო. ამასთან, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები წლიურად 4.3%-ით იყო შემცირებული.
“ტრანსპორტიის ჯგუფში ფასები შემცირდა 4.3 პროცენტით, რაც -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-8.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.5 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.8 პროცენტი),”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.