ეროვნული ბანკი ახალ საკრედიტო რეესტრს ქმნის, ამ საკითხთან დაკავშირებით კი საბანკო ასოციაციას კითხვები აქვს. რეესტრი გააერთიანებს კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მსესხებლების შესახებ საკმაოდ დეტალურ და მოცულობით ინფორმაციას - რა ოდენობის სესხი აქვთ აღებული, რა შემოსავალი უფიქსირდებათ, მიუღიათ თუ არა კონკრეტულ მომხმარებელს უარი სესხის დამტკიცებაზე და ა.შ.
საკრედიტო რეესტრში ბანკების მონაწილეობა სავალდებულოა - მათ მოუწევთ ეროვნულ ბანკს დეტალური ინფორმაცია 2.8 მილიონამდე სესხის შესახებ წარუდგინონ და ყოველთვიურად განაახლონ. მონაცემების ჩამონათვალი, რომლებიც საკრედიტო რეესტრმა უნდა გააერთიანოს საკმაოდ დიდია. საბანკო ასოციაციაში ამბობენ, რომ ამ მოცულობის ინფორმაციის თავმოყრას დრო დასჭირდება, რამდენადაც რიგ შემთხვევაში ასეთ დეტალურ ცნობებს კომერციული ბანკები არც შიდა მოხმარებისთვის აგროვებენ.
“არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ინდივიდუალურად აღრიცხულია, თუმცა, ანგარიშგებაში არ ხვდებოდა. მოთხოვნილია ისეთი ინფორმაციაც, რომელიც საერთოდ არ იყო აღრიცხული. ძველ სესხებზე გარკვეული ინფორმაცია იქნება მოსაძიებელი, პროგრამულ უზრუნველყოფაში ცვლილება იქნება განსახორციელებელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი ანგარიშგება დაემატებათ ბანკებს”,- აცხადებს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალეკო ძნელაძე და აღნიშნავს, რომ საუბარია ისეთი ინფორმაციის ნაკლებობაზე, როგორიცაა მაგალითად სასტუმროების შემთხევაში, სესხის გაცემის დროს, რამდენნომრიანი იყო ობიექტი, რას მოხმარდა რეალურად სესხი და ა.შ.
მისივე თქმით, საკრედიტო რეესტრის შექმნის საკითხზე ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობდნენ და არსებობდა კითხვები და რეკომენდაციები, რომლებიც ასოციაციას ჰქონდა.
“დღეს კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა, რამდენად არის ეს საუკეთესო პრაქტიკა, რომ ასეთი ჩაშლილი და დეტალური ინფორმაცია სებ-ში იკრიბებოდეს რეესტრულად, რადგან აღნიშნული ინფორმაციის მოძიება ეროვნულ ბანკს ისედაც შეუძლია, მას აქვს ამის უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, დამატებითი ანგარიშგების მომზადება და მიწოდება იქნება დამატებითი წნეხი და იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულისთვის ვადები უფრო გრძელი იქნება, რადგან ამ რეესტრში არის ინფორმაცია, რომელიც რიგ ბანკებში რეალურად არც აღირიცხება და შესაყვანი იქნება როგორც პროგრამულად, ასევე ანგარიშგებაში. ეს ყველაფერი მარტივ პროცესად არ წარმომიდგენია, თუმცა, შეუძლებელი არაფერია”,- ამბობს ალეკო ძნელაძე.




























