მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სებ-ი ზრდის უფლებამოსილებას, რომ გააკონტროლოს ბანკები მოსალოდნელი სანქციების პირობებში”-გულედანი ბანკებისთვის ჯარიმების შესაძლო ზრდაზე

მარინა გულედანი

კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ კონსულტაციების შემდეგ ცენტრალური ბანკი საბანკო სექტორისთვის დაწესებული ჯარიმების ზედა ზღვრის გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ცენტრალური ბანკის ბერკეტს და გავლენას კომერციულ ბანკებზე.

საქმე ის არის, რომ ეროვნული ბანკი კომერციული საბანკო სექტორისთვის ჯარიმების ზედა ზღვრის გაზრდას გეგმავს. შესაძლო ცვლილებების პროექტით, ბანკებისთვის საჯარიმო სანქციის ზედა ზღვარი საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ის ნაცვლად 0.5% ან 1% იქნება. ეროვნული ბანკი საკითხზე სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციებს იწყებს და მზადაა შენიშვნები და მოსაზრებები მიიღოს, რის შემდეგაც გადაწყვეტილების მიღება მოხდება, თუმცა მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, დარღვევებისთვის ფულადი ჯარიმა განისაზღვროს როგორც დარღვევის, ისე ბანკის ზომის და განვითარების დონის პროპორციულად.

მარინა გულედანი "საქმის კურსთან" მოსალოდნელ ცვლილებაზე საუბრისას აცხადებს, რომ გადაწყვეტილება განსაკუთრებით რისკების შემცველი იქნება იმ ფონზე, როცა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოების ნაწილს კითხვები აქვს.

“ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის დრო, როდის ხდება ამ ცვლილებების ინიიცირება. ერთი თვეც არ არის გასული არჩევნებიდან და ჩემთვის პირადად ძალიან ცხადია, რომ ეროვნული ბანკი აპირებს თავისი უფლებამოსილებების გაზრდას. იმ პირობებში, როდესაც აქვს დისკრეცია, როგორც დამოუკიდებელ მარეგულირებელს, ეს ცვლილებები გათვლილია სადამსჯელო დამოკიდებულებაზე და ეროვნული ბანკის უნარზე, იმ შემთხვევაში თუ რამე არ მოეწონება რომელიმე ბანკის ქცევაში ან პირობის შესრულებაში რომ მას ჰქონდეს გაზრდილი შესაძლებლობა, ბერკეტი ხელში, რომ ჩვენი ბანკების საქმიანობა და ქცევა გააკონტროლოს, განსაკუთრებით მოსალოდნელი სანქციების პირობებში. უმნიშვნელოვანესია შევხედოთ, როდის ხდება ეს ცვლილება, ეს არ მომხდარა 1-2 წლის წინ, ეს ხდება არჩევნების თარიღიდან 2 თუ 3 კვირაში”, - ამბობს მარინა გულედანი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში მოქმედი 2 უმსხვილესი ბანკის საზედამხედველო კაპიტალი 6 მილიარდ ლარს აჭარბებს. თუკი ცვლილებები დამტკიცდა და ამ ბანკების მიმართ სებ-მა ჯარიმის მაქსიმალური ზომა გამოიყენა მისი მოცულობა 65 მლნ ლარი იქნება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები