მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სებ-ის გადაწყვეტილება გზავნილია, რომ შესაძლოა, უფრო დაჩქარებული ტემპითაც გამოვიდეთ მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან“

ირაკლი ჟვანია

„დღევანდელი გადაწყვეტილება გზავნილი იყო ეროვნული ბანკისგან, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო თამამი გადაწყვეტილება მივიღოთ და შესაძლოა უფრო დაჩქარებული ტემპითაც გამოვიდეთ მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან, ვიდრე ნავარაუდევი იყო საზოგადოებისთვის და ბიზნესისთვის“- ასე ეხმაურება „ქუდოს ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილებას.

საქმე ის არის, რომ ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით, 9%-მდე შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამ დონეზე 2021 წლის აპრილის შემდეგ არ ყოფილა. სებ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში ინფლაციის შემცირებით არის განპირობებული.

ირაკლი ჟვანიას შეფასებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა გზავნილია, რომ გარემო მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და ბიზნესს მეტი აქტივობის საშუალება აქვს.

„ჩვენ ვიცით, რომ ეროვნულმა ბანკმა შარშან წლის ბოლოს დააანონსა, რომ დაახლოებით 1%-ით შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს, აქედან გამომდინარე, შესაძლოა არ იყო მოლოდინი, რომ ნახევარი პროცენტით მოხდებოდა დღეს შემცირება, თუმცა კლების ვარაუდი, თუ ასეთი პირობები გაგრძელდა, იყო. დღევანდელი გადაწყვეტილება გზავნილი იყო ეროვნული ბანკისგან, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო თამამი გადაწყვეტილება მივიღოთ და შესაძლოა უფრო დაჩქარებული ტემპითაც გამოვიდეთ მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან, ვიდრე ნავარაუდევი იყო საზოგადოებისთვის, ბიზნესისთვის. როცა წინა წელი დავხურეთ ისე, რომ შევამცირეთ ნახევარი პროცენტით და წელსაც ვიწყებთ ნახევარ პროცენტიანი შემცირებით, გარდა იმისა რითაც აიხსნა, გზავნილიც არის საზოგადოებისა და ბიზნესისთვის, რომ გარემო მეტ-ნაკლებად დასტაბილურებულია და მეტი აქტივობების საშუალება აქვს ბიზნესს“,-აცხადებს ირაკლი ჟვანია.

რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, რასაც შესაძლოა წნეხი ჰქონდეს ინფლაციაზე, „ქუდოს ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორის განცხადებით, გეოპოლიტიკური ვითარება და დაძაბულობა რეგიონის ქვეყნებში ბუნებრივია რისკია, რაც სხვადასხვა მიმართულებით ახდენს გავლენას ეკონომიკაზე.

„გარეშე ფაქტორები, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ახდენს გავლენას ეკონომიკაზე, ინფლაციაზე არის რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც „სარგებელიც“ მოგვიტანა ეკონომიკური თვალსაზრისით. ასევე არის დაძაბულობა ჩვენს ახლო რეგიონებში, რომელიც ცვლის თამაშის წესებს ხოლმე და მიწოდების ჯაჭვები ირღვევა. თუ ასე მოხდა ეს მაღალი რისკია.

ამას გარდა გვაქვს შიდა პრობლემები, რომელიც მეტწილად ნაკარნახევია გარეშე ფაქტორებით. ვიცით, რომ ინფლაციაზე არსებით გავლენას ახდენდა მიგრანტების ეფექტი, როცა პიკი იყო, მოთხოვნა გაიზარდა და ეს ნელ-ნელა გადადის, თუმცა სრულად მოხსნილი არ არის. უფრო გაგრძელდა, ვიდრე ნავარაუდევი იყო“,- განაცხადა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ირაკლი ჟვანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები