საქართველოს ეროვნული ბანკის ახლადარჩეული პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა სებ-ის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პირველ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, სებ-ის მთავარი ფუნქცია ქვეყნის ფინანსური და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, რომელსაც მარეგულირებელი კარგად ართმევდა თავს.
ნათია თურნავამ სებ-ის საბჭოს სხდომაზე წევრების მხრიდან გამოხატულ მხარდაჭერაზე ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელმა ორმა წევრმა არ დაუჭირა მხარი. BMG-ის ინფორმაციით, საბჭოს სხვა წევრებს საკუთარი კანდიდატურები პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე თავი არ წარუდგენიათ.
„დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა ჩატარდა. ხმათა უმრავლესობით საბჭომ დამიჭირა მხარი და პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ამირჩია. ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, მიუხედავად იმისა, დამიჭირეს მხარი თუ თავი შეიკავეს, 7 წევრიდან ხუთმა მხარი დამიჭირა და ორმა თავი შეიკავა. ჩვენ ყველას ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება გვაერთიანებს, გვაერთიანებს საერთო მიზანი ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და ჩვენი გუნდი ამ მიმართულებით მუშაობს კვლავინდებურად ერთობლივად გააგრძელებს.
დიდი პატივია, რომ საბჭომ მხარი დამიჭირა და მე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში კანონის თანახმად ვუხელმძღვანელებ ამ ინსტიტუციას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ გავხდი პირველი ვიცე-პრეზიდენტის საქართველოს ეროვნული ბანკის, ამ ტრადიციული და მდიდარი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, სადაც გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი მუშაობს. ეროვნული ბანკის მთავარი მისია და ფუნქცია ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობასა და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს სერიოზული მიღწევები აქვს. რადგან დიდი გამოწვევების მიუხედავად, რომლის წინაშეც იდგა ქვეყნის ეკონომიკა და საფინანსო სექტორი, იყო ეს პანდემია, გეოპოლიტიკური გამოწვევები, რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც მძვინვარებს, ჩვენმა საფინანსო სისტემამ დაამტკიცა თავისი სიძლიერე, შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები და მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთან, ძალიან დიდი როლი შეასრულა სებ-ის სწორმა, ადეკვატურმა მონეტარულმა პოლიტიკამ“, - განაცხადა თურნავამ.