ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების გაცემის წესი შეცვალა. თუკი აქამდე 200,000 ლარამდე სავალუტო კრედიტების აღება არც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ შეეძლოთ, ახალი წესი ასეთი იქნება:
- ის პირები, რომლებიც შემოსავალს ლარში იღებენ, ვეღარ აიღებენ 300 ათასი ლარის ეკვივალენტის სავალუტო სესხებს, რადგანაც სავალუტო კრედიტის მინიმალური ზღვარი მათთვის 300,000 ლარით განისაზღვრა;
- ის პირები, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ, შეძლებენ აიღონ კრედიტი იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი აქვთ.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის პორტალზე სესხები მოცულობების მიხედვით ასე არის რანჟირებული (ფიზიკური პირებისთვის):
- 0-1,000 ლარი - 1,521,700 საკრედიტო ხელშეკრულება, ჯამური პორტფელი 548 მლნ ლარი, საშუალო სესხი 360 ლარი;
- 1,001-5,000 ლარი - 975,000 საკრედიტო ხელშეკრულება, ჯამური პორტფელი 2.25 მლრდ ლარი, საშუალო სესხი 2,314 ლარი;
- 5,001-25,000 ლარი - 433,000 საკრედიტო ხელშეკრულება, ჯამური პორტფელი 4.8 მლრდ ლარი, საშუალო სესხი 11,113 ლარი;
- 25,001-100,000 ლარი - 134,500 საკრედიტო ხელშეკრულება, ჯამური პორტფელი 6.5 მლრდ ლარი, საშუალო სესხი 48,721 ლარი;
- 100,001-1,000,000 ლარი - 26,300 საკრედიტო ხელშეკრულება, ჯამური პორტფელი 4.24 მლრდ ლარი, საშუალო სესხი 161,217 ლარი;
- 1,000,000+ ლარი - 100 საკრედიტო ხელშეკრულება, ჯამური პორტფელი 145 მლნ ლარი, საშუალო სესხი 1,450,000 ლარი.
ქართული ბანკები ფიზიკურ პირებზე ყოველთვიურად დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის ახალ სესხებს გასცემენ. კრედიტების ნაკადებს შორის ყველაზე მეტი - 420 მილიონი ლარის სესხი 5,000-25,000 ლარის კატეგორიაში გაიცემა, 25,000-100,000 ლარის კატეგორიაში სესხების ყოველთვიური ნაკადი დაახლოებით 360 მილიონი ლარია, 100,000-1,000,000 ლარის კატეგორიაში კი 265 მილიონის სესხები.
რამდენი სავალუტო კრეიდიტი გაიცემოდა ფიზიკურ პირებზე:
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 100,000-1,000,000 ლარის კატეგორიაში თვეში საშუალოდ 200 სავალუტო კრედიტი გაიცემა, რომელთა ჯამური ღირებულებაც $30.8 მილიონი და 14.5 მილიონი ევრო იყო.
ახალი რეგულაციის პირობებში ის მომხმარებლები, რომლებიც 200,000-300,000 ლარის სავალუტო კრედიტებს იღებდნენ და შემოსავლები აქვთ ლარში, ამ ზომის სესხებს ვეღარ აიღებენ, თუმცა იმ მომხმარებლებს, რომლებსაც სავალუტო შემოსავლები აქვთ, შეეძლებათ დოლარის და ევროს კრედიტების აღება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, ეს ცვლილება ერთი მხრივ დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებას, მეორე მხრივ კი კრედიტების ჰეჯირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
“ჩვენთვის ამ შემთხვევაში მთავარია ჰეჯირება, ჰეჯირება ნიშნავს დაცვას სავალუტო რისკებისგან, ეს დაცვა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს იმ ვალუტაში უნდა ჰქონდეს სესხი და იმ ვალუტაში უნდა უწევდეს სესხის მომსახურება, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი და არ უწევდეს ყოველთვიურად კონვერტაცია თავისი ხელფასის სხვა ვალუტაში რათა შეიტანოს ბანკში. ეს არის ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას, რაც რამდენიმე წელია სებ-ის თაოსნობით ხორციელდება და უფრო სრულყოფილს ხდის მას.
ლოგიკა ისაა, რომ ჰეჯირება ნიშნავს ან ლარში ან რომელიმე სხვა ვალუტაში დავაძალოთ აღება. აქ არის მთავარი, რომ ადამიანი იყოს დაცული. რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი იმ ვალუტაში მოემსახუროს სესხს,”- განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ფიზიკური პირების საკრედიტო პორტფელის მთლიანი ზომა 26.1 მილიარდი ლარია, საიდანაც 18.5 მილიარდი ლარი ეროვნული ვალუტის კრედიტებზე მოდის, შესაბამისად ლარიზაციის მაჩვენებელი ამ სეგმენტში 71%-ია, ბოლო ერთ წელში სესხების ლარიზაცია 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.