მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა იანვარ-აპრილში Bmatch პლატფორმით $287 მილიონი დოლარი შეისყიდა

ეროვნული ბანკი

2024 წლის პირველ 4 თვეში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით 287 მილიონი დოლარი შეისყიდა - ამის შესახებ სტატისტიკა ეროვნულმა ბანკმა დღეს გამოაქვეყნა.

დღესვე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უპასუხა რომან გოცირიძის კითხვას, თუ რატომ ქვეყნდება Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია დაგვიანებით. საქმე ისაა, რომ ინფორმაციას თუ რამდენი მილიონი დოლარი იყიდა/გაყიდა სებ-მა ამ მექანიზმის გამოყენებით, ეროვნული ბანკი ყოველი მომდევნო თვის 25 რიცხვში აქვეყნებს.

ნათია თურნავას განცხადებით, ამ ინსტრუმენტით ეროვნული ბანკი ძირითადად დოლარის შესყიდვის ოპერაციებს ახორციელებს.

"Bmatch-ს რაც შეეხება, ისიც ირთვება კონკრეტული დროს, თრიგერის დროს. მოცულობა მისი გაცილებით მცირეა, მისი ამოცანა სწორედაც რომ არ არის მესიჯის გაგზავნა ბაზრისთვის, რათა ავაცილოთ ბაზარს სპეკულაციური მიზნებით ამის გამოყენება. ჩვენ Bmatch-ს ძირითადად ვიყენებთ, რათა შევიძინოთ ვალუტა იმგვარად, რათა კურსზე და მის მიმართულებაზე არ მოვახდინოთ ზემოქმედება. ვყიდულობთ, როდესაც სწრაფად მყარდება და ვყიდულობთ ისე, რომ ტრენდი არ შევცვალოთ და არც მესიჯი არ მივაწოდოთ სპეკულაციისთვის ბაზარს, არამედ ეტაპობრივად შევავსოთ ჩვენი რეზერვები. აქედან გამომდინარე ხდება ამის არა იმავე დღეს გამოქვეყნება, არამედ მოგვიანებით.

ისეთი კითხვა ისმება ხოლმე, განსაკუთრებით რომან გოცირიძის მხრიდან, რომ ჩვენ თითქოს ამას ვაკეთებთ რაღაცის დამალვის მიზნით. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით, ძალიან გვეამაყება, რომ ამ ინსტრუმენტს ვიყენებთ რეზერვების შესავსებად", - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დოლარის შესყიდვა დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობა რაც ამჟამად 4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, წინა წელს არსებულთან შედარებით 300 მილიონი დოლარით ნაკლებია. ამასთან, IMF-ის შეფასებით, საქართველოს სავალუტო რეზერვები ადეკვატურობის დონეზე დაბლაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები