TBC Capital-ში აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას ივლისშიც განაგრძობს.
მაკროეკონომიკურ განახლებაში აღნიშნულია, რომ სებ-მა ივნისში საკმაოდ დიდი მოცულობით დოლარი შეიძინა და ინტერვენციებს ივლისშიც განაგრძობს.
"გარდა უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინებისა, ლარის მხარდამჭერი სხვა ფაქტორების კუთხით, აღსანიშნავია, რომ აშშ დოლარი მსოფლიო ბაზარზე კვლავ სუსტი რჩება, ხოლო დეპოზიტების უკან ლარში კონვერტაციების მიმდინარე დინამიკა ივლისში შედარებით შერეულ სურათს აჩვენებს. პარალელურად, ჩვენი შეფასებით, სებ-მა ივნისში, წინა თვეების მსგავსად, საკმაოდ დიდი მოცულობით აშშ დოლარი შეიძინა და ამავე მიმართულებით ინტერვენციებს ივლისშიც განაგრძობს", - წერია პუბლიკაციაში.
ცნობისთვის, 2025 წლის პირველ ნახევარში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შესავსებად Bmatch პლატფორმით 880 მილიონი დოლარი შეიძინა. ამავე პერიოდში სებ-ის რეზერვები 240 მილიონი დოლარით გაიზარდა. რომ არა აღნიშნული შესყიდვები, საგარეო ვალის მომსახურების გამო სებ-ის რეზერვების მოცულობა პირიქით შემცირდებოდა.
ივნისის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვები 4.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2024 წლის დეკემბერში რეზერვების ზომა კი 4.45 მილიარდი დოლარი იყო.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში განხორციელებული შესყიდვების მოცულობა 266 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამავე თვეში რეზერვები 107 მილიონი დოლარით გაიზარდა. ყველაზე დიდი - 266.4 მილიონიანი შესყიდვა სებ-მა აპრილში განახორციელა.
2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
- იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
- მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი
- აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
- მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი
- ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი.




























