მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-მა კრიპტოაქტივების კომპანია "შერ888" ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევისთვის ₾465,000-ით დააჯარიმა

სებ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი კომპანია შპს „შერ888“ (ს/ნ 405531740) 465 000 ლარით დააჯარიმა. მარეგულირებელმა გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შედეგად მიიღო, რომლის დროსაც კომპანიაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებით რიგი დარღვევები გამოვლინდა.

კომპანიამ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის სტატუსი 2024 წლის მაისში მიიღო. კომპანიის 50-50%-ის მფლობელები გია და იგორ აშკაშიძეები არიან. კომპანიის ძირითადი საქმიანობა კრიპტოვალუტის ნაღდ ფულზე გაცვლაა.

ეროვნული ბანკის ცნობით, შემოწმების პროცესში კომპანია არასწორად წარმოადგენდა მოთხოვნილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას, რის გამოც მას დაეკისრა 6 000 ლარის ოდენობის ჯარიმა. ასევე, დაფიქსირდა ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობა, რაც დამატებით 5 000 ლარით დაჯარიმდა.

დადგენილი იყო ასევე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის დარღვევა, რაც 3 000 ლარით შეფასდა. შემოწმებამ აჩვენა, რომ კომპანია არ ადგენდა კლიენტთან ურთიერთობის მიზანსა და ხასიათს, რის გამოც ჯარიმამ 78 000 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, პროვაიდერმა ვერ უზრუნველყო კლიენტების იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია დადგენილი წესით - ამ დარღვევებისთვის ჯამური ჯარიმა 4 000 ლარი განისაზღვრა. ასევე დადგინდა, რომ კომპანიამ არ განახორციელა სათანადო მონიტორინგი და არ შეისწავლა ფინანსური ოპერაციების წარმომავლობა, რაც დამატებით 80 000 ლარით დაჯარიმდა.

ეროვნული ბანკის განცხადებით, გამოვლინდა სანქციათა რეჟიმების შესრულების მიზნით გამოყენებული პროგრამული სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზებიც, რაც 15 000 ლარით დასჯადი აღმოჩნდა. ყველაზე მაღალი - 264 000 ლარიანი ჯარიმა კი დაკისრდა 528 ოპერაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის არასათანადო აღრიცხვის გამო.

ეროვნული ბანკის ცნობით, შემოწმების პროცესში კომპანიამ ხელი შეუშალა მარეგულირებლის საქმიანობას და მიაწოდა მცდარი და არასრული ინფორმაცია, რის გამოც დამატებით 10 000 ლარი დაეკისრა.

ჯამურად, შპს „შერ888“-ის მიმართ გამოყენებული ფინანსური სანქციების საერთო ოდენობამ 465 000 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები