მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ოქროს ზოდების რეალიზაციის წესი დაამტკიცა

ოქრო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარასკევს ოქროს სერტიფიკატების და ოქროს ზოდების რეალიზაციის დაწყების შესახებ გამოაქვეყნა განცხადება. სებ-ის თანახმად, ისინი მომხმარებლებს 20 გრამის და 1 კილოგრამის ოქროს სერტიფიკატს და შესაბამის ზოდებს შესთავაზებენ, რომელთა შეძენასაც მომხმარებელი კომერციული ბანკების მეშვეობით შეძლებენ.

მომხმარებელს ამ სერტიფიკატების განაღდება შეუძლიათ როგორც ფასიანი ქაღალდის სახით, ასევე სანაცვლო ოქროს ზოდის მიღების სახით. სებ-ის თანახმად, 20 გრამის სერტიფიკატების სარეალიზაციო რაოდენობა იქნება 100, ხოლო 1 კილოგრამის ზოდების სარეალიზაციო რაოდენობა იქნება 10 ცალი. აღნიშნული ზოდები დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის The Royal Mint-ის მიერ არის ჩამოსხმული.

ოქროს სერტიფიკატის ნომინალი გრამებში ISIN გასაყიდი რაოდენობა ყიდვის ფასი (ლარი) გაყიდვის ფასი (ლარი) განახლების თარიღი
20 GEGC00200034 100 3,438.73 3,722.34 12/1/2023
1000 GEGC10000044 10 171,936.51 186,116.84 12/1/2023

საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა ამ ზოდების რეალიზაციის წესი, რომელიც შემდეგნაირად განისაზღვრება:

სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა
1. ფასეულობის სარეალიზაციო ფასს ადგენს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირი.2. მიმოქცევის ბანკნოტების/მონეტების სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს:

ა) ნომინალურ ღირებულებას;

ბ) საკომისიო დანამატს.

3. საკოლექციო ბანკნოტების/მონეტების სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს:

ა) ნომინალურ ღირებულებას;

ბ) მათ დამზადება-მოწოდებაზე გაწეულ ხარჯებს;

გ) საკომისიო დანამატს.

4. საინვესტიციო მონეტებისა და ზოდების სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს:

ა) მონეტის/ზოდის შემადგენლობაში არსებულ ოქროს ღირებულებას, რომლის გაანგარიშება ხდება დღეში ერთხელ, ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზრის ასოციაციის (LBMA) ვებგვერდზე წინა დღის მეორე ნახევარში (ლონდონის დროით 15:00 საათზე) 1 უნცია ოქროზე აშშ დოლარით დაფიქსირებული ფასით და ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალურად მოქმედი კურსის მიხედვით;

ბ) საკომისიო დანამატს 3–80 პროცენტის ფარგლებში.

5. ეროვნული ბანკის მიერ დამზადებული ნუმიზმატიკური ფასეულობის სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს:

ა) მათ დამზადება-მიწოდებაზე გაწეულ ხარჯებს (ფასის დადგენის მომენტისთვის არსებული კურსით);

ბ) საკომისიო დანამატს.

6. იმ ნუმიზმატიკური ფასეულობის სარეალიზაციო ფასი, რომელთა დამზადება არ განუხორციელებია ეროვნულ ბანკს, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, მისი ფაქტობრივი რაოდენობისა და მასზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, განისაზღვრება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით.

7. იმ შემთხვევაში, თუ ფასეულობა მოთავსებულია სპეციალურ შესაფუთ საშუალებაში (კოლოფი, ალბომი და სხვ.), სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს მათ ღირებულებასაც.

8. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით, ბანკნოტების/მონეტების (გარდა საინვესტიციო მონეტებისა და ზოდებისა) და ნუმიზმატიკური ფასეულობის სარეალიზაციო ფასი შეიძლება განისაზღვროს საკომისიო დანამატის გარეშე.

9. ბაზარზე ლითონის ფასის ცვლილების, ფასეულობის რაოდენობის ან/და სხვა მიზეზის გამო საკომისიო დანამატის ოდენობის ზრდა ან შემცირება შესაძლებელია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით.

მუხლი 4. ფასეულობის რეალიზაცია
1. ეროვნული ბანკი ფასეულობის რეალიზაციას ახორციელებს როგორც რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ პირებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

2. ეროვნული ბანკიდან ფასეულობის რეალიზაცია შესაძლებელია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო (გადარიცხვით, საგადახდო ბარათით, ეროვნული ბანკის ინტერნეტმაღაზიით) ანგარიშსწორებით.

3. უნაღდო ანგარიშსწორებით ფასეულობის რეალიზაცია შესაძლებელია როგორც წინასწარი, ისე შემდგომი ანგარიშსწორებით, ამ მუხლის მე-4 – მე-6 პუნქტებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.

4. წინასწარი უნაღდო ანგარიშსწორების პირობით, ფასეულობის რეალიზაცია შესაძლებელია როგორც ხელშეკრულების, ისე შეტყობინების (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) საფუძველზე. წინასწარი შეტყობინების შემთხვევაში:

ა) ეროვნულ ბანკს წარედგინება განაცხადი, სადაც მიეთითება შემკვეთი პირის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, შესაძენი ფასეულობის დასახელება, ნომინალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაოდენობა, მათ გატანაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი (ელექტრონული ზედნადების საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ზედნადებისთვის საჭირო ინფორმაცია);

ბ) ფასეულობის რეალიზაცია ხორციელდება გარიგების დღისთვის დადგენილი ფასის მიხედვით. ქვეყნის გარეთ პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში, ფასის გაანგარიშება უნდა განხორციელდეს უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარსა ან ევროში) გარიგების დღისთვის შესაძენ ფასეულობაზე ლარში დადგენილი ფასითა და ლარის მიმართ აშშ დოლარის ან ევროს გაცვლის ოფიციალურად მოქმედი კურსით;

გ) განაცხადის საფუძველზე, ფასეულობის შემკვეთს ეროვნული ბანკის მიერ ეგზავნება კომერციული ინვოისი სარეალიზაციო ფასეულობის დასახელების, რაოდენობის და ღირებულების შესახებ, რომლის გაგზავნის დრო ითვლება გარიგების დადების მომენტად;

დ) გარიგების საფუძველზე, ფასეულობის მთლიანი თანხის ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს ერთჯერადად, გარიგების დადების დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო მათი გატანა – შესაბამისი თანხის ჩარიცხვიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში;

ე) შეკვეთა ითვლება გაუქმებულად, თუ გარიგების დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში არ განხორციელდა შეძენილი ფასეულობის შესაბამისი თანხის ჩარიცხვა ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე, ან შესაბამისი თანხის დროულად ჩარიცხვის მიუხედავად, არ განხორციელდა ეროვნული ბანკიდან მათი გატანა თანხის ჩარიცხვიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში;

ვ) შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, შემკვეთის მიერ ეროვნულ ბანკში ჩარიცხული თანხა ექვემდებარება შემკვეთისათვის უკან დაბრუნებას, ხოლო გადარიცხვის ხარჯები გამოიქვითება ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე შემკვეთის მიერ ჩარიცხული თანხიდან.

5. ეროვნული ბანკიდან რეალიზებული ფასეულობის გატანას უზრუნველყოფს შემკვეთი მხარე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. შემდგომი ანგარიშსწორების (უნაღდო) პირობით იურიდიულ პირებზე ფასეულობის რეალიზაცია შესაძლებელია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

7. ეროვნული ბანკიდან ფასეულობის რეალიზაცია ასევე შესაძლებელია:

ა) ეროვნული ბანკის ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით, სავალდებულო ხასიათის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით, რომლითაც კონკრეტულად არის განსაზღვრული როგორც ანგარიშსწორების, შეკვეთის განთავსებისა და მიწოდების პირობები, ასევე მხარეთა ვალდებულებები;

ბ) წინასწარი შეკვეთით, რომლის პირობები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განისაზღვრება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის მიერ;

გ) აუქციონის მეშვეობით, რომლის პირობები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განისაზღვრება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის მიერ.

8. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ფასეულობის რეალიზაცია განახორციელოს იურიდიული პირების მეშვეობით, მათთან გაფორმებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით.

9. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელ პირს შეუძლია შეზღუდოს ფასეულობის რეალიზაცია.

10. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ფასეულობის სარეალიზაციო ფასებისა და რეალიზაციის პირობების თაობაზე ინფორმაციის განთავსებას ეროვნული ბანკის ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით.

11. ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზებული, ასევე იურიდიული პირების მეშვეობით სარეალიზაციო ფასეულობის გაცემის პროცედურები რეგულირდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები