მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ქართულ სისტემურ ბანკს სხვა ქვეყნის ბანკისთვის სესხის გაცემაზე ლიმიტი დაუწესა

ბანკები

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში ცვლილებები შეიტანა. დებულების განახლებული ტექსტის თანახმად, ქართულ სისტემური მნიშვნელობის ბანკს ეზღუდება სხვა ქვეყნის სისტემური ბანკისთვის იმ ზომის სესხის მიცემა, რომელიც ქართული სისტემური ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს აღემატება.

"როდესაც რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკის მსესხებელი პირი არის სხვა რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკი, მის მიმართ არსებული რისკის პოზიცია, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 15%-ს. ამასთან, რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკის რისკის პოზიციის ღირებულება, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების გარეშე, გარდა ამავე ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით, ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტებითა და ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფისა, სხვა რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკის მიმართ არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 50%-ს“, - ნათქვამია დებულებაში.

ამავე ცვლილებებით დაზუსტდა ის მოთხოვნები, რაც ბანკებს ისეთი სესხების გაცემას უკრძალავს, რომლებიც მიმართულია მათი საბოლოო მაკონტროლებელი პირის აქციების შეძენისკენ ან მათი მფლობელი სტრუქტურის მიერ გამოცემულ სავალო ინსტრუმენტებში (ობლიგაციებში) ინვესტირებისკენ.

კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების განახლებული ტექსტი ასეთია:

„4. აკრძალულია ბანკის მიერ ისეთი რისკის პოზიციების შექმნა, რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ დააფინანსოს:

ა) ამავე ბანკის წილობრივი ან სავალო ინსტრუმენტის შეძენა;

ბ) ამავე ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერის, ისე შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის, ან მაკონტროლებელი პირის ან ამავე ბანკის სათავო საწარმოს/საწარმოების წილობრივი ან სავალო ინსტრუმენტის შეძენა;

გ) ამავე ბანკის შვილობილი კომპანიის ან ამავე ბანკის სათავო საწარმოს/საწარმოების შვილობილი კომპანიის წილობრივი ან სავალო ინსტრუმენტის შეძენა", - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები