მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა სავალუტო ბაზრიდან $500 მლნ ამოიღო - TBC Capital-ი

63bc09d5711ce
BM.GE
09.01.23 16:34
1321
სტატიაში საუბარია:
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2022 წელი, წმინდა სავალუტო შემოდინებების კუთხით ძლიერი იყო. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, იანვარ-ნოემბერში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სავალუტო აუქციონებითა და აუქციონების გარეშე თითქმის 500 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.

"ამასთან, მიგრანტების დეპოზიტების გარეშეც, საბანკო სისტემაში პრაქტიკულად ამდენივე უცხოური ვალუტის ლიკვიდობა დაგროვდა, რაც ისტორიულად ლარის კურსისათვის ნეგატიური იყო, თუმცა ამჯერად, შემოდინებები იმდენად ძლიერია, რომ ამ მნიშვნელოვანმა ფაქტორმა კურსის დინამიკაზე ვერ იმოქმედა.

აღნიშნული ტენდენციის მიუხედავად, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ მანამ, სანამ საერთაშორისო მასშტაბით აშშ დოლარის შემდგომ დასუსტებას არ ვიხილავთ, სადღეისოდ ლარი თავის მაქსიმუმზეა. ამ მხრივ, არგუმენტები ინფლაციის დინამიკა და ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ვალუტების მიმართ ლარის საშუალო კურსია. კერძოდ, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, დეკემბერში ყოველთვიური 0.3%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა, რაც სეზონური შესწორების გათვალისწინებით ფასების საერთოდ დონის 0.7%-იანი კლების ტოლფასია.

მართალია, წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ ძალზედ მაღალია და 9.8%-ს შეადგენს, თუმცა ყოველთვიურ მაჩვენებლებში ნორმალიზება აშკარაა. ლარის საშუალო კურსის კუთხით კი, უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტობრივი მაჩვენებელი, გრძელვადიან შეფასებასთან შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც უფრო გამყარებულია”, - წერია TBC Capital-ის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები