მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა სექტემბერ-ოქტომბერში 733 მილიონი დოლარი გაყიდა - რომან გოცირიძე

გოცირიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სებ-ის სავალუტო რეზერვების სტატისტიკის გამოქვეყნებას ეხმაურება. დღეს სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში საქართველოს ოფიციალური სავალუტო რეზერვები 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა სექტემბერში Bmatch პლატფორმით 106 მილიონი დოლარი გაყიდა, ხოლო ოქტომბერში კი სავალუტო ინტერვენციებით სებ-მა 213 მილიონი დოლარი გაყიდა, ხოლო Bmatch პლატფორმით გაყიდული რეზერვების მოცულობა ჯერჯერობით საჯარო არაა.

"გამართლდა ჩვენი ვარაუდი. გამოქვეყნდა ოფიციალური სტატისტიკა. ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ოქტომბრის თვეში 630 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვები დაკარგა. სექტემბერში რეზერვების მოცულობა შეადგენდა 4,71 მილიარდ დოლარს, ოქტომბრის ბოლოს კი 4,08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

ასევე სწორი გამოდგა ჩვენი პროგნოზი, რომ ეროვნულმა ბანკმა სექტემბერ-ოქტომბრის თვეში არნახული ოდენობის დოლარები გაყიდა. უკვე შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ მისი ოდენობა 733 მილიონი დოლარია. ოფიციალურად ამას ეროვნული ბანკი მხოლოდ 25 ნოემბერს გამოაცხადებს.

“ქართული ოცნების” ორთვიანმა დანაშაულებრივმა საარჩევნო კამპანიამ იმაზე დიდი ზიანი მიაყენა სავალუტო რეზერვებს, ვიდრე პანდემიამ. მის აღდგენას მრავალი წელი დასჭირდება.

თუ 2023 წლის აგვისტოს თვეში ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვები იყო 5,44 მილიარდი დოლარი, დღეისათვის, როგორც ვნახეთ, არის 4,08 მილიარდი, ანუ ერთ წელიწადზე ოდნავ მეტ პერიოდში იგი 1,36 მილიარდი დოლარით შემცირდა და კრიტიკულ ზღვარს მნიშვნელოვნად ჩამოსცდა. ამ მოცულობის რეზერვები, საგარეო გადახდების მოცულობასთან შედარებით, BB რეიტინგის მქონე არცერთ ქვეყანას არა აქვს. მალე დღის წესრიგში ამ რეიტინგის გადახედვის საკითხიც დადგება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა $4-მილიარდიან ნიშნულზე ბოლოს 2022 წლის ივლისში იყო. ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვები 1 მილიარდი დოლარით შემცირდა, აქედან კლება ძირითადად სექტემბერ-ოქტომბრის თვეებს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები