საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს უნდა შეეზღუდოს მთავრობასთან დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა. ამის შესახებ ფონდის მისიის შემაჯამებელ პრესრელიზში არის აღნიშნული.
ფონდი ასევე მიიჩნევს, რომ სებ-ის მმართველობის მოდელი უნდა შეიცვალოს; საუბარია გადაწყვეტილების მიღების წესზე, რომლითაც ამჟამად სებ-ის პრეზიდენტს გააჩნია დისკრეციული გადაწყვეტილებების მიღების უფლება. ფონდი მიიჩნევს, რომ სებ-ის საბჭოს გადაწყვეტილებები კოლეგიალური პრინციპის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული.
“ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება მაკროეკონომიკური სტაბილურობის ცენტრალური საკითხია. საბჭოში ვაკანსიების შევსება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა პირველი მისასალმებელი ნაბიჯია. ეროვნული ბანკი ახლა უნდა ფოკუსირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის ცვლილებაზე: (i) უზრუნველყოს საბჭოში არააღმასრულებელ წევრთა უმრავლესობის არსებობა. (ii) მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების შესაძლებლობა შეიზღუდოს და (iii) - ნათელი გახადოს და დამატებით გააძლიეროს ეროვნულ ბანკში უფლებამოსილების გადაცემისა (მმართველობის გადაცემის ჩარჩო) და საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის კრიტერიუმები. ასევე რეკომენდებულია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიღების მოდელის შეცვლა: საპრეზიდენტო გადაწყვეტილების მოდელიდან კოლეგიალურ მოდელზე გადასვლა,” - ნათქვამია სავალუტო ფონდის პრესრელიზში.
BMG-მ კითხვით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენლობას, რათა განგვიმარტონ, უშუალოდ რა სახის ოპერაციების შეზღუდვის რეკომენდაციას გასცემენ. ასევე, კითხვით მივმართეთ ეროვნულ ბანკს, იზიარებენ თუ არა ფონდის მსგავს პოზიციას.




























