თუ IMF-მა შეწყვიტა პროგრამა და განაცხადა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას აქვს საფრთხე, ამან შეიძლება შეუქმნას გარკვეული საფრთხე სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან კრედიტის მოზიდვას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, სავალუტო ფონდის პროგრამის დასრულების ბოლოს, 290 მილიონი მიგვეღო, თუმცა ის პირველი ნაწილი, რაც დასრულდა და 40 მილიონის მიღების შესაძლებლობა გვქონდა, ეს ფული არ ჩამოგვირიცხავს და პროგრამის დასაწყისშივე შეთანხმებული ვიყავით, რომ თუ მიმდინარე ანგარიშში არ შეექმნებოდა ქვეყანას პრობლემა, ამ თანხას არ ჩამოვრიცხავდით. აქედან გამომდინარე, არც ერთი თეთრი ამ პროგრამიდან ჩვენ ჯერ არ ჩამოგვირიცხავს“, - განაცხადა კაკაურიძემ.
კითხვაზე, შეჩერებულია თუ არა პროგრამა, კაკაურიძე პასუხობს, რომ „დიახ“.
დეპუტატ გიორგი ვაშაძის კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, კაკაურიძე ადასტურებს, რომ პროგრამის შეჩერება ეროვნული ბანკის საკითხებს უკავშირდება, თუმცა არა კონკრეტულად ბოლო ბრძანებას. ფინანსთა მინისტრის მოადგილე აქვე ამბობს, რომ პროგრამა დაახლოებით ივნისში შეჩერდა, რადგან მაშინ ბორდზე უნდა გასულიყო და არ გავიდა, რაც შეჩერებას ნიშნავს.
„პროგრამა დღეს შეჩერებულია და წლის ბოლომდე განახლებას ვფიქრობთ. პროგრამის შეჩერება არის დაკავშირებული ეროვნული ბანკის საკითხებთან, თუმცა არა კონკრეტულად ბრძანებასთან და მე ვერ გაგცემთ სავალუტო ფონდის მაგივრად პასუხს, ზუსტად რის გამოა შეჩერებული. კონკრეტული პასუხი უნდა გამოვართვათ სავალუტო ფონდს. მე შეიძლება ბევრი რამე ვიცი, მაგრამ მის ნაცვლად ვერ გიპასუხებთ. ბორდზე უნდა გასულიყო დაახლოებით ივნისში და მას შემდეგ არის შეჩერებული, მას მერე არაფერი შეცვლილა და ველოდებით, რომ წლის ბოლომდე პროგრამის განახლება იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა კაკაურიძემ.
რაც შეეხება სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან მოლოდინებს, გიორგი კაკაურიძის თქმით, მთავრობა არ ელოდება, რომ რომელიმე საფინანსო ინსტიტუტთან რაიმე სახის შეფერხება იწნება იმ დაგეგმილი თანხების მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანას აქვს არა მხოლოდ 2023 წელს, არამედ 2024 -2027 წლებში, რაც შეთანხმებულია.
„დღევანდელი მდგომარეობით, ანუ შეჩერებული პროგრამის ფარგლებში, არც ერთი საფინანსო ინსტიტუტიდან არა მარტო არსებულ პროექტებს, რაზეც შეთანხმება გვაქვს, არამედ მომავალში, რასაც ხელი უნდა მოვაწეროთ და მომდევნო წლებში უნდა ჩამოირიცხოს, არც ერთ ამ პროგრამას არ უქმნის საფრთხეს. მაგრამ თუ საბოლოო ჯამში, სავალუტო ფონდმა არა თუ შეაჩერა, არამედ შეწყვიტა პროგრამა და განაცხადა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას აქვს საფრთხე, ამ შემთხვევაში ამან სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან კრედიტის მოზიდვას, შეიძლება, გარკვეული საფრთხე შეუქმნას. თუ ჩვენ არ გვექნება პროგრამა, ჩვენ მოგვიწევს მტკიცება სათითაოდ ყველა საფინანსო ინსტიტუტთან ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობის თაობაზე, სავალუტო ფონდი არის ამისი დამადასტურებელი, რომ როდესაც მასთან გვაქვს პროგრამა და ის აკეთებს ანგარიშს, რომ ამ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის კარგი“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის კითხვაზე, ის, როგორც ფინანსისტი, რომ ყოფილიყო ეროვნული ბანკის ადგილას, ასეთი საფრთხის წინაშე დააყენებდა თუ არა ქვეყანას, გიორგი კაკაურიძემ შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, როგორც მინისტრის მოადგილეს არ შეუძლია.
„მე არ ვყოფილვარ ეროვნული ბანკის ადგილზე. როგორც გიორგი კაკაურიძე, სად, როგორ მოვიქცეოდი, შეგვიძლია გავისეირნოთ და ვისაუბროთ. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე, მე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. არც კარგს, არც ცუდს, არანაირ კომენტარს“,- განაცხადა კაკაურიძემ და დასძინა, რომ სებ-ის გადაწყვეტილებაზე განმარტებას მისივე ხელმძღვანელობა აკეთებს.