საფრანგეთის ხელახლა დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ სამთავრობო კაბინეტი წარადგინა. ახალ შემადგენლობაში მინისტრთა რაოდენობა ერთით არის შემცირებული და 34-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ფრანსუა ბაირუს კაბინეტისგან განსხვავებით, ლეკორნუს მეორე მთავრობაში 2/3 ახალი სახე იქნება, თუმცა პოზიციებს შეინარჩუნებენ ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრები.
ლეკორნუს ხელახალი მცდელობის მიუხედავად, პარლამენტის რადიკალურმა მემარჯვენე და მემარცხენე ფრთებმა უკვე განაცხადეს, რომ არც ამ კაბინეტს დაუჭერენ მხარს და პირველივე შესაძლებლობისთანავე მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებენ. აღსანიშნავია, რომ პრემიერად ხელახლა დაბრუნებულმა ლეკორნუმ პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად ახალ კაბინეტში მემარჯვენე რესპუბლიკელების რამდენიმე წევრი შეიყვანა, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რადგან რესპუბლიკურმა პარტიამ ახალ მთავრობაში შესული წევრები გარიცხა, ლეკორნუს კი მხარდაჭერაზე უარი უთხრა.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ წარიმართება მოვლენები, რადგან ბოლო ჯერზე, როცა სებასტიან ლეკორნუმ მთავრობა წარადგინა, ოპოზიციამ კი მის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა, ლეკორნუმ თანამდებობა დატოვა.




























