მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებმა „თიბისი ბანკი“ 250 000 ლარით დააჯარიმა - მიზეზები

სებ

„თიბისი ბანკი“ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით 250 000 ლარით დაჯარიმდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სანქცია სხვადასხვა ტიპის რეგულაციის დარღვევის გამო დაწესდა, რომლებიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნებს უკავშირდება.

კერძოდ, ოთხ კლიენტთან დაკავშირებული ტრანზაქციების შემთხვევაში, დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის. ასევე, ერთ შემთხვევაში აღნიშნული ანგარიშგება საერთოდ არ გადაცემულა, რაც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევად შეფასდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ადგილზე შემოწმების შედეგად გაცემული სამი წერილობითი მოთხოვნა დადგენილ ვადებში არ შესრულდა. დამატებით, ერთ კლიენტთან მიმართებით ბანკს არ ჰქონდა განახლებული KYC დოკუმენტაცია, ხოლო 23 კლიენტის შემთხვევაში არ იქნა გატარებული რისკის შესაბამისი პრევენციული ზომები.

შემოწმების პროცესში ასევე გამოვლინდა მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის სამი ფაქტი. ამასთან, 20 შემთხვევაში დაფიქსირდა გარიგებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნის დარღვევა 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებით, ხოლო 46 შემთხვევაში 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებით.

გარდა ამისა, ერთ შემთხვევაში ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკს არასწორი ინფორმაცია წარუდგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებაში, რომელიც 2024 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს მოიცავდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები