მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკი კომუნალურ კომპანიებში მარეგულირებელ აუდიტს ამკაცრებს

სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) კომუნალურ კომპანიებში მარეგულირებელ აუდიტს ამკაცრებს. სემეკის გადაწყვეტილებით, ტარიფების დეპარტამენტი ორ ნაწილად გაიყო და ცალკე შეიქმნა მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტი. როგორც კომისიის თავმჯდომარე ამბობს, გეგმურთან ერთად, არაგეგმური აუდიტებიც ჩატარდება.

დავით ნარმანიას განმარტებით, გადაწყვეტილება რეგულირებად სექტორებში ინვესტიციების ზრდას უკავშირდება.

„მოგეხსენებათ, მარეგულირებელმა კომისიამ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზარდა რეგულირებად სექტორებში ინვესტიციები, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი თანხები დაიხარჯება, როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორებში, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ამავდროულად, შემცირდეს წყვეტები, ავარიები და ის ფაქტორები, რაც მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს. ვინაიდან უფრო მეტი რესურსები ჩაიდება ქსელის მოწესრიგებაში, მარეგულირებელი კომისია მიიჩნევს, რომ უნდა გამკაცრდეს მონიტორინგი და აუდიტი. თუ ადრე აუდიტს ვატარებდით პერიოდულად და ტარიფების დადგენის წინ ახორციელებდა კომისია, ახლა შუალედურ აუდიტებსაც ჩავატარებთ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რათა უფრო მეტად გაკონტროლდეს ის საინვესტიციო რესურსები, რომელიც კომისიამ დაუმტკიცა ცალკეულ კომუნალურ კომპანიებს. ვინაიდან ეს საინვესტიციო რესურსები ტარიფის შემადგენელი ნაწილია და საბოლოო ჯამში მომხმარებლებმა უნდა გადაიხადონ, მნიშვნელოვანია, თავიდან ბოლომდე კონტროლდებოდეს“,- აღნიშნა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ "მთავარში".

რაც შეეხება კომპანიების პოზიციას, ნარმანიას განმარტებით, ისინი თვლიან, რომ ხარჯები დახურული უნდა იყოს, რასაც კომისია არ იზიარებს და აუდიტის ანგარიშები საჯარო იქნება.

„ვინაიდან სამივე სექტორში მომუშავე კომპანიები ძირითადად კერძო კომპანიები არიან, ისინი თვლიან, რომ მათი ხარჯები დახურული უნდა იყოს, თუმცა კომისიის პოზიცია განსხვავებულია. გარდა პერსონალური ინფორმაციისა, ყველა სხვა ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს“,- ამბობს ნარმანია.

ის აღნიშნავს, რომ თუ აუდიტის შედეგად კანონმდებლობის დარღვევა გამოვლინდება, შესაბამისი რეაგირება იქნება ჯარიმის სახით. ამასთან, თუ კომისია ჩათვლის, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნება. დავით ნარმანიას თქმით, მზადაა კანონპროექტი ენერგეტიკის სექტორში ჯარიმების ზრდის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები