ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ ჯერჯერობით ე.წ. რუსული კანონი არ წაუკითხავს.
BMG-ის კითხვაზე, არის თუ არა საჭირო კანონპროექტის მიღება, ნარმანიამ აღნიშნა, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია.
„არ მინახავს კანონპროექტი და გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. გამჭვირვალობა მას, ვინც საჯარო საკითხებზე მუშაობს, ვფიქრობ, უნდა მოეთხოვებოდეს. ვინც არიან რეალურად გამჭვირვალობაზე ორიენტირებული ორგანიზაციები, თვითონ აქვეყნებენ ხოლმე წლიურ ანგარიშებს, თუმცა როგორც ჩანს, არის კატეგორია, რომელიც არ აქვეყნებს, მაგრამ უნდა გამოაქვეყნოს“,- განაცხადა ნარმანიამ მედიაცენტრ "მთავარში".
კითხვაზე, უნდა ეწოდოთ თუ არა უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს დონორებისგან იღებენ, ნარმანია ამბობს, რომ „მაინც და მაინც აგენტი შეიძლება არ ვუწოდოთ, მაგრამ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია“.
"ქართულმა ოცნებამ" უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა. დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური ძალის აგენტი" "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით" ჩანაცვლდა. სტატუსი ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას მიენიჭება, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან იღებს. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ატვირთვა მოუწევთ. ასეთი სტატუსის მქონე პირთა შემოწმება იუსტიციის სამინისტროს შეეძლება.
რა წერია "ოცნების" მიერ ხელახლა წარდგენილ "რუსულ კანონში" - კანონპროექტი სრულად
მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ე.წ. რუსულ კანონს ვეტოს დაადებს