მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სემეკი: „თელმიკოს“ მიერ ზედმეტობით დარიცხული თანხები დაკორექტირდება

60e84828ad769
შოთა ტყეშელაშვილი
09.07.21 17:00
1643
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებით, მათთან შევიდა არაერთი განცხადება იმის თაობაზე, რომ კომპანია "თელმიკომ" თბილისში ელექტროენერგიის არაერთ მომხმარებელს ელექტროენერგიის მოხმარებისთვის გადასახადი მეტობით დააკისრა. სემეკი აცხადებს, რომ ისინი თითოეულ განცხადებას შეისწავლიან და კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის გადასახადის მეტობით დარიცხვაზე "მკაცრი რეაგირება" ექნებათ. ამასთან, სემეკი აცხადებს, რომ მომხმარებლებს მეტობით გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ. 

"სემეკში დაიწყო საკითხის აქტიური მოკვლევა და ზედმეტობით დარიცხული თანხების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს დაუკორექტირდებათ გადასახადი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებმა უკვე გადაიხადეს ზედმეტობით დარიცხული გადასახადი, დაკორექტირებული თანხა აისახება მათ სააბონენტო ბარათზე.

კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია კომპანიის მიერ მოქალაქეებზე გადასახადის ზედმეტობით დარიცხვა. მოკვლევის შედეგად ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, სემეკი კომპანიის მიმართ იმოქმედებს მკაცრი, კანონშესაბამისი ზომებით. აქვე, კომისია „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ მოუწოდებს, გადაამოწმოს აბონენტებზე დარიცხული თანხების სისწორე.

კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდნენ სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან). ასევე, მოქალაქეებს სემეკთან დაკავშირება შეუძლიათ სოციალურ ქსელში - www.facebook.com.gnerc,"- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2021 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდებას "თელასის" ნაცვლად "თელმიკო" ახდენს, "ენერგო პროს ჯორჯიას" ნაცვლად კი კომპანია "ეპ ჯორჯია მიწოდება". 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები