მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკი წელს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს გადახედავს

615db1f7e1c81
დავით ჯალაღონია
06.10.21 18:39
1376
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია წელს სამომხმარებლო ტარიფს გადახედავს. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ნარმანიამ განმარტა, ამის მიზეზი ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობის იურიდიულ დონეზე გაყოფაა, რის შედეგადაც დღეს თბილისში ელექტროენერგიას მოსახლეობას "თელასის" ნაცვლად, კომპანია "თელმიკო" აწვის, რეგიონებს კი "ენერგო-პრო ჯორჯიას" ნაცვლად - "ეპი ჯორჯია".

სემეკის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ტარიფის არსებითი ზრდა მოსალოდნელი არ არის, რადგან მოქმედ ტარიფში უკვე ასახულია ყველა ძირითადი ფაქტორი, რამაც 1 იანვრიდან უკვე გაზარდა ელექტროენერგიის საფასური. ახალ ტარიფში კი ისეთი ხარჯები იქნება გათვალისწინებული, როგორიც მაგალითად, ენერგეტიკული ბირჟის მომსახურების საფასურია, რომლის სრულფასოვანი ამოქმედება მომავალ წელს იგეგმება.

"ჩვენ ყველა წესი დამტკიცებული გვაქვს, მათ შორის ტარიფების გაანგარიშების წესი და ტარიფების მეთოდოლოგია ამ ახალი ბაზრის კონიუნქტურის მიხედვით, შესაბამისად, ძირითადი ახალი კომპონენტები მოქმედ ტარიფში უკვე გათვალისწინებულია, ასახულია ეს ყველაფერი. ეს ტარიფი ამ წლის ბოლომდეა დადგენილი და ჩვენ მოგვიწევს მისი გადახედვა, თუმცა ამ მოცემულობით რაც გვაქვს, რაიმე არსებით ზრდას არ ველოდებით.

კომპანიები მეთოდოლოგიის მიხედვით მოგვმართავენ ტარიფების დადგენის ნაწილში 6 თვით ადრე, ვიდრე დადგენილ ტარიფს ვადა გაუვა და ტრადიციულად, პერიოდის ბოლოს ანუ დეკემბერში მოხდება ტარიფების დადგენა", - განმარტა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ სემეკის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან "თელასის" და "ენერგო პრო ჯორჯიას" კომერციული მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 11-13 თეთრით გაიზარდა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები