საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრმა რომან გოცირიძემ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფასურის შემცირების მიზნით პარლამენტში კანონპროექტი დააინიცირა.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, წარმოდგენილი პროექტის მომზადების მიზანი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ბიუჯეტის შექმნის ისეთი წესის დადგენაა, რაც კომისიის რეალურ საჭიროებებთან შესაბამისობაში იქნება. კანონპროექტით გათვალისწინებულია რეგულირების საფასურის კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის შემცირება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ბიუჯეტის წყაროს. ამასთან, კანონპროექტის მიღებით მარეგულირებელი ორგანო ვალდებული იქნება წლის განმავლობაში გამოუყენებელი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხოს.
პროექტის მიხედვით, კომისიის ბიუჯეტის ფორმირების მოქმედი წესი არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. არსებული წესით 2014 წელს მარეგულირებლის ბიუჯეტში ხარჯი 7.8 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო 2022 წლისთვის ეს თანხა 44,5 მილიონ ლარამდე გაიზარდა. კომისიის ბიუჯეტის დაფინანსებისა და ხარჯების ამ დონის ზრდა განპირობებულია არა კომისიის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული ბიუჯეტის ფორმირების არაადეკვატური წესიდან გამომდინარე, რაც კომისიას რეგულირების განაკვეთის თავად დადგენის თავისუფლებას აძლევს, კანონით განსაზღვრული მაქსიმალურ ჭერის, 0.75%-ის ფარგლებში. კანონპროექტი კი, მე-5 მუხლში შესული ჩანაწერის ცვლილებას ითვალისწინებს, რომლითაც რეგულირების ყოველწლიური საფასურის მაქსიმალური ოდენობის 0,75%-ის ნაცვლად 0,1%-მდე შემცირდება.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ნებისმიერი დამოუკიდებელი ორგანიზაციის ბიუჯეტი, როგორც წესი, უნდა განისაზღვროს მისი სპეციფიკური საჭიროებების, მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით. შესაბამისად, ბიუჯეტის დაფინანსების წესი უნდა ითვალისწინებდეს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, გასაწევი მომსახურება და მისი მანდატი. მაგალითად, 2023 წლის სემეკის ბიუჯეტის მიხედვით, მხოლოდ სახელფასო ფონდი შეადგენდა 10 მილიონ ლარს, ხოლო საპრემიო ფონდი კი ₾6 მილიონს, მაშინ როდესაც ამ უწყებაში დასაქმებულთა რაოდენობა 150 ადამიანია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მიერ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი კანონად ქცევის შემთხვევაში 2025 წლის 1 იანვარს შევა ძალაში.