მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკის წევრის პოზიციაზე პარლამენტმა გივი სანიკიძე აირჩია

სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, დავით ნარმანია და გივი სანიკიძე აირჩია. გივი სანიკიძე სემეკის წევრის პოზიციას პირველი ვადით დაიკავებს.

კომისიის წევრების ვაკანტურ პოზიციებზე, 6 წლით, დავით ნარმანიას და გივი სანიკიძის კანდიდატურები შეირჩა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე.

სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ. კანონმდებლობის შესაბამისად, ერთი და იგივე პირი კომისიის წევრის პოზიციაზე შეიძლება აირჩეს ორი ვადით. სემეკის თავმჯდომარე ირჩევა კომისიის წევრების შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, 3 წლის ვადით, არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევის რაოდენობა შეზღუდული არ არის.

გივი სანიკიძეს მინიჭებული აქვს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი, მაგისტრის ხარისხები ფინანსებსა და კრედიტებში, ასევე ეკონომიკაში, არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იგი სემეკში საქმიანობს 2011 წლიდან - იყო სემეკის ფინანსური ანალიზის სამმართველოს უფროსი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტს.

გივი სანიკიძე აქტიურად არის ჩართული სემეკის სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავებასა და რეგულირებად სექტორებში სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრაში, მისი ხელმძღვანელობით ყოველწლიურად ხორციელდებოდა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი რეგულირებული კომპანიების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი და ტარიფების გაანგარიშების პროცესი. გივი სანიკიძე არის მოწვეული ლექტორი ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში. 2012 წლამდე, სხვადასხვა პერიოდში, იგი საქმიანობდა შპს „ვარციხე 2005“-ში, იყო „საქართველოს ბანკის“ ფოთის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი, „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის რეგიონალური ფილიალის ანგარიშთა მმართველი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები