მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

თელასი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო კომპანიები - სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“ დააჯარიმა.

როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ ორივე კომპანიის მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები 2024 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა წინა წელთან შედარებით, რაც მარეგულირებლის ნორმატიული აქტებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევად მიიჩნიეს.

სემეკის განმარტებით, უწყება ყოველწლიურად აანალიზებს ენერგომომარაგების წყვეტების დინამიკას და მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს.

„თელასი“

მათივე ინფორმაციით, 2024 წელს სს „თელასის“ სალიცენზიო არეალში 11 740 ელექტროენერგიის წყვეტა დაფიქსირდა. შიდა მიზეზით გამოწვეული გეგმური და არაგეგმური წყვეტების ხანგრძლივობის ინდექსი (SAIDI) ერთ მომხმარებელზე საშუალოდ 14 საათსა და 55 წუთს შეადგენს, რაც 5 საათითა და 28 წუთით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (9 სთ და 27 წთ).
ასევე გაუარესებულია სიხშირის ინდექსი (SAIFI), რომელიც 2024 წლისთვის 9.04-ს შეადგენს, წინა წლის 6.06-ის ნაცვლად.

„ენერგო პრო ჯორჯია“

რაც შეეხება სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, კომისიის ცნობით, კომპანიის სალიცენზიო არეალში 2024 წლის განმავლობაში 74 504 ელექტროენერგიის წყვეტა დაფიქსირდა. შიდა მიზეზით გამოწვეული გეგმური და არაგეგმური SAIDI-მ 61 საათი და 38 წუთი შეადგინა - 6 საათით და 30 წუთით მეტი, ვიდრე 2023 წელს (55 სთ და 8 წთ).
SAIFI-ის მაჩვენებელიც გაუარესებულია: 2024 წლისთვის ის 31.06-ს შეადგენს, მაშინ როდესაც წინა წელს ეს მაჩვენებელი 29.71 იყო.

სემეკის განცხადებით, საჯარო სხდომის ფარგლებში ასევე გადაწყდა, რომ ორივე კომპანიისთვის შემუშავდება მომარაგების საიმედოობის სამიზნე სტანდარტები, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები