მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სემეკმა „თელმიკო“ და „თელასი“ გაზრდილი გადასახადების დარიცხვის გამო ჯამში 125 000 ლარით დააჯარიმა

6114f78495f10
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.21 14:23
8412
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 12 აგვისტოს საჯარო სხდომაზე შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ (თელმიკო) და სს „თელასის“ დაჯარიმების საკითხი განიხილა.

მარეგულირებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესაბამისად, სემეკის მიერ დადგენილი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უხეში დარღვევის გამო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ 75 000 ლარით, ხოლო სს „თელასი“ - 50 000 ლარით დაჯარიმდა. სემეკში განმარტავენ, რომ დაჯარიმების მიზეზი ქ. თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვებია.

სემეკმა კომპანიებს დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადები განუსაზღვრა. ამასთანავე, კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს მოქალაქეებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაევალათ.

„სემეკს საჩივრით შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „თელასის“ მიერ მათი უფლებების დარღვევის შესახებ არაერთმა მოქალაქემ მიმართა. საჩივრები ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის საფეხურის არასწორ მისადაგებასა დ გაზრდილი გადასახადის დარიცხვას უკავშირდებოდა, რაც ასევე დადასტურდა სემეკში წარმოებული მოკვლევის შედეგად“, - განმარტავენ სემეკში.

მარეგულირებლის ცნობით, 2019 წლის 27 დეკემბერს მიღებული საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, 2020 წლის 21 აპრილის საქართველოს მთავრობის N246 დადგენილების „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ და არაერთი ნორმატიული აქტის შესაბამისად, ელექტროენერგიის ბაზარზე მიმდინარე, დაგეგმილ და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ბაზარის ყველა სუბიექტი ინფორმირებული იყო.

რეფორმის ფარგლებში საქმიანობის გაყოფის მიზნებიდან გამომდინარე, სს „თელასს“ დაევალა 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ხარჯების დაფიქსირება და მომხმარებლებისთვის შესაბამისი ქვითრების წარდგენა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მაისის №236 დადგენილების შესაბამისად დაეკისრა ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულება.

სემეკი კომპანიებს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებისკენ მოუწოდებს, რათა მსგავსი ტიპის უხეშ დარღვევებს ადგილი აღარ ჰქონდეს. ხოლო დარღვევების განმეორების შემთხვევაში, კომისია კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე კვლავ იმსჯელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები