რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი X-ზე წერს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას.
"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპთან, რომელთანაც სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ, "მწვანე შუქი" აქვს რუსეთის წინააღმდეგ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელზედაც თვეების განმავლობაში ვმუშაობდი სენატორ რიჩარდ ბლუმენტალთან ერთად", - წერს გრემი და დასძენს, რომ პროექტი ამერიკის პრეზიდენტს შესაძლებლობას აძლევს დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ და ამით უკრაინაში ომს აფინანსებენ.
გრემის თანახმად, კანონპროექტი პრეზიდენტის ხელში უზარმაზარი ბერკეტია ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ როგორიც არის ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია, რომ აიძულოს ისინი შეწყვიტონ რუსული ნავთობის ყიდვა.
რესპუბლიკელ სენატორს იმედი აქვს, რომ კანონპროექტს კენჭს მომავალ კვირაში უყრიან. გასულ წელს მომზადებული ორპარტიული პროექტი ითვალისწინებს რუსეთის სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან იმპორტის 500%-ით დაბეგვრას, თუ ისინი არ შეწყვეტენ რუსული ნავთობისა და ზოგიერთი სხვა პროდუქტის შეძენას. პროექტის მიღების შეფერხების ოფიციალურ მიზეზად ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები სახელდებოდა და მსგავსი კანონის მიღება ხელს შეუშლიდა ამ პროცესს. თუმცა როგორც გრემი წერს, უკრაინა მზად არის დათმობისთვის, პუტინი კი მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლება და უდანაშაულო ხალხის ხოცვას განაგრძობს.




























