სექტემბერში „ბაქო-თბილისი - ჯეიჰანის“ (BTC )მილსადენი რეკორდული დატვირთვით მუშაობდა.
„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, გასულ თვეში მილსადენით 2.7 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა, რაც წლის მაქსიმუმია. სულ 9 თვეში მილსადენით 21.6 მლნ ტონა ნავთობის გატარება მოხდა.
რაც შეეხება მეორე მილსადენს - ბაქო-სუფსის მილსადენი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფაქტობრივად არ მუშაობს, ამიტომ გატარებული ნავთობის მოცულობა მხოლოდ 1 მლნ ტონა იყო.
თავდაპირველად, BP-მ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 15 მარტიდან აპრილის ბოლომდე შეაჩერა, შემდეგ კი, ეს გადაწყვეტილება გახანგრძლივდა. მიზეზად შავ ზღვაში ნავთობტანკერების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთება დასახელდა.
ბაქო-სუფსის მილსადენი, ამ კვირაში, საქართველოში ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაშიც მოხვდა.
„იქნება ახალი საკითხებიც განსახილველი. ამასობაში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს. ამ მილსადენით გაიზრდება ექსპორტი, კიდევ უფრო დაიტვირთება მილსადენი და კიდევ უფრო მეტად გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალი, რომელიც ახლა არ არის ქმედით მდგომარეობაში, მაგრამ გვინდა ეს არხიც დავტვირთოთ“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
შეგახსენებთ, 2021 წელს, მილსადენებით საქართველოს გავლით 30.4 მლნ ტონა ნავთობის გადაზიდვა მოხდა; კლება 2020 წელთან შედარებით 1.4 მლნ ტონა იყო. ამასთან, 2021 წლის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გატარებული ნავთობის მოცულობამ 26 მილიონი ტონა შეადგინა, ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში მილსადენის დატვირთვის მინიმალური მაჩვენებელია. კლება წლიურად 5% იყო.




























