საქართველოს ბანკებში განთავსებული დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის თანახმად, 57.65 მილიარდი ლარის მოცულობის დეპოზიტებში ეროვნულ ვალუტაზე 51.21% მოდის, რაც წინა თვესთან შედარებით 0.97 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ლარიზაციის კლება 0.57 პროცენტული პუნქტია.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, დეპოზიტების ლარიზაცია ყველაზე მეტად იურიდიული პირების დეპოზიტებში შემცირდა. თუმცა ეს შემცირება განპირობებული იყო არა არსებული დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში გადატანით, არამედ უცხოური ვალუტის დეპოზიტების მოცულობის ლარის დეპოზიტებთან შედარებით უფრო მაღალი ზრდით. 2024 წლის სექტემბერში იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობა 980 მილიონი ლარით გაიზარდა, მათ შორის სავალუტო დეპოზიტების ზომამ 790 მილიონი ლარით, 8.78 მილიარდ ლარამდე იმატა, ხოლო ლარის დეპოზიტების ზრდამ კი 200 მილიონი ლარი შეადგინა და მთლიანი დეპოზიტების ზომამ 13.73 მილიარდი ლარი. შედეგად, იურიდიული პირების დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 63%-დან 61%-მდე შემცირდა.
ფიზიკური პირების 29.99 მილიარდიან დეპოზიტებში კი სექტემბერში ლარიზაციის მაჩვენებელი არ შეცვლილა და ის აგვისტოს მსგავსად 36%-ს შეადგენს. შესაბამისად, ფიზიკური პირების დანაზოგების 2/3 უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული.