მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სექტორი ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგს მიესალმება" - ასოციაცია საკანონმდებლო ცვლილებებზე

ცენტრები

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე, გიორგი შიოლაშვილი, "საქმიანი დილას" ეთერში პარლამენტის მიერ სამი მოსმენით დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებას აფასებს, რომლის თანახმადაც ტექნიკური დათვალიერების ცენტრები 2025 წლიდან მონიტორინგის ქვეშ მოექცევიან. შიოლაშვილი აღნიშნავს, რომ სექტორი ცვლილებას დადებითად აფასებს, თუმცა კანონისგან მეტ სიცხადესაც ელოდებიან.

"ვფიქრობ, ეს დადებითი პროცესია და ამ რეფორმის საბოლოოდ, წარმატებით განხორციელებისთვის ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ცენტრებს უფრო კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური პერსონალის მოზიდვა და შენარჩუნება მოუწევთ. გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციებიც, იმის მიხედვით თუ რა სახის დარღვევები იქნება გამოვლენილი და, საბოლოო ჯამში, მონიტორინგის ჯგუფი დაადგენს ჯარიმის ოდენობას 5000, 2000 თუ 500 ლარის ოდენობით, ხარვეზის სიმძიმის მიხედვით.

მთლიანობაში, სექტორი მიესალმება ცვლილებას, თუმცა დეტალურად არის დასაწერი, როგორ განხორციელდება ეს პროცესი, რათა ის იყოს ყველანაირად გამჭვირვალე და ობიექტური", - აცხადებს შიოლაშვილი.

ამასთან, ასოციაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის შემოღება და, მათ შორის, უფრო კვალიფიციური კადრების მოძიება, მოქმედ ცენტრებს ფინანსურ ვალდებულებებსაც გაუზრდის, რის გამოც სექტორმა ტექდათვალიერების საფასურის ზრდის საკითხი უკვე დააყენა.

"ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერ ჯერ კიდევ კონსულტაციების ეტაპზეა. ვერ ვიტყვით, როდიდან შევა ცვლილება ძალაში. რეალურად სექტორს [ფინანსების] პრობლემა აქვს, ამიტომ ზუსტად დადგა საჭიროება, რომ დაგვეყენებინა საკითხი ტექინსპექტირების საფასურის გადახედვასთან დაკავშირებით. იმედია, გამოხმაურება იქნება და ეს ძალიან წაადგება სექტორს, რადგან ამჟამად ყველაზე დიდი გამოწვევა პერსონალის გადინებაა", - აღნიშნავს გიორგი შიოლაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ტექინსპექტირების სექტორი საქართველოს მასშტაბით 42 კომპანიასა და 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს.

შიოლაშვილმა ცენტრების საქმიანობაზეც ისაუბრა და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რეგიონებში კანონის აღსრულების საკითხი დააყენა. მისი თქმით, რეგიონებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე გადაადგილდება.

"ზოგადად, აღნიშნული ტიპის [ავტობუსები და მიკროავტობუსები] ტრანსპორტის გამართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მათ გადაჰყავთ მგზავრები. დაბალი მიმართვიანობა იმითაა გამოწვეული, რომ მოძველებულია ტრანსპორტი, არ ხდება ადმინისტრირება სათანადო დონეზე. არის რეგიონები, რომლებიც სრულად არ არის მოცული [ტექდათვალიერების] კამერებით და ასევე რეგიონებში არის საშუალება, რომ გადაადგილდეს M2, M3 კატეგორიის ტრანსპორტი, რომლებიც არ გადიან ტექინსპექტირებას.

ჩვენი მონაცემებით, ტრანსპორტის გარკვეული წილი მაინც გადაადგილდება ტექინსპექტირების გარეშე, თუმცა, მაგალითად შარშან, მას შემდეგ რაც საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში და განმეორებითი ინსპექტირება გაძვირდა, რიგ შემთხვევაში გასამმაგდა, წლევანდელი წლის შედეგებს თუ შევადარებთ, განმეორებით დაჯარიმებული ავტომფლობელების რაოდენობა შემცირებულია", - აღნიშნა შიოლაშვილმა.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს, პირველად ტექდათვალიერებაზე M2 კატეგორიის დახარვეზების მაჩვენებელი 23% იყო, M3-ის - 17%, განმეორებით შემოწმებაზე, M2 კატეგორიის 3% დახარვეზდა, ხოლო M3 კატეგორიის – 8%. რაც შეეხება 2024 წელს, ივლისის ჩათვლით პერიოდს, M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებიდან ინსპექტირება ვერ გაიარა 24%-მა და M3-ის 18%-მა, ხოლო განმეორებითზე, M2-ის 6%-მა და M3-ი კატეგორიის ტრანსპორტის 7%-მა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები