სექტორის მხრიდან ერთმნიშვნელოვნად იგრძნობა განწყობა, რომ ყველა მიესალმება DRG-ის მოდელის იმპლემენტაციას და ერთმნიშვნელოვნად შეფასებულია როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, სისტემის იმპლემენტაციის შემდეგ ყველა ქვეყანა გადის პრობლემების და გამოწვევების გამოვლენა/აღმოფხვრის ეტაპს და საქართველოც ახლა სწორედ ამ ნაბიჯებს გადის.
„ვფიქრობ, რომ შედეგებიდან გამომდინარე, არც თუ ცუდი რეზულტატები გვაქვს. სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით უმტკივნეულოდ დაინერგა ეს რეფორმა საქართველოში. რეალურად, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სექტორთან, პარლამენტთან და ვფიქრობ, ეს კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ სწორად გაზომილი ნაბიჯები იქნეს გადადგმული იმისთვის, რომ რეფორმის შემდგომი ეტაპი იქნეს მხარდაჭერილი. ჩვენ გვქონდა შეჯერებული პოზიცია რეანიმაციის მოდელთან დაკავშირებით. ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით იყო გარკვეული მოსაზრებების გაცვლა, ეს გრძელდება და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით იქნება გადაწყვეტები. რაც შეეხება მაღალტექნოლოგიურ სისტემებთან დაკავშირებით თანაგადახდის მეთოდს, ეს არ არის ერთადერთი მეთოდი, ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც შეიძლება იყოს პრობლემის გადაჭრის ფორმა. ამაზეც მუშაობს სახელმწიფო. ვფიქრობთ, სექტორთან ერთად მივალთ საკითხის გადაწყვეტამდე“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მაღალტექნოლოგიური ოპერაციების შემთხვევაში თანაგადახდის სისტემა შემოვიდეს, მაგრამ ეს არ იქნება ერთადერთი მოდელი.
„შესაძლოა, ეს გამოსავალი არ მოიძებნოს. ყველაფერი დამოკიდებულია მსჯელობაზე. ფორმატმა გაამართლა და ამ ფორმატის მეშვეობით გვაქვს სრულფასოვანი კონსულტაცია. კომბინირებულ ოპერაციებთან დაკავშირებითაც მსჯელობის ეტაპზეა საკითხი. აქ მთავარ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ უნდა იქნეს შემოღებული ზუსტი განსაზღვრება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ჩაითვლება კომბინირებულ ოპერაციად, უნიკალურ ოპერაციად, განსხვავებულად და ა.შ. ეს არის საკითხები, რაზეც მსჯელობა მიმდინარეობს“, - თქვა მან და დასძინა, რომ ცვლილებები იქნება, არამხოლოდ DRG-ის მიმართულებით.