მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სერიოზულად დაზიანდა თუ არა ირანის ბირთვული პროგრამა - შტატებში აზრთა სხვადასხვაობაა

ბირთვული პროგრამა
BM. GE
26.06.25 21:34
358

ირანში მდებარე ფორდოს, ნათანზისა და ისპაჰანის ატომური ობიექტების დაბომბვის დღიდან მოყოლებული, შტატების პრეზიდენტი საჯაროდ ამტკიცებს, რომ შეტევამ სამიზნეები სრულად გაანადგურა. თუმცა პენტაგონიდან გამოჟონილი ინფორმაცია სხვა რამეზე მეტყველებს. როგორც ირკვევა, B2-ის მონაწილეობით ჩატარებულმა ოპერაციამ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ რამდენიმე თვით დახია უკან. ამასთან, გაჟონილი ინფორმაცია აჩენს კითხვებს განხორციელებული დარტყმების ეფექტურობასთან დაკავშირებით. ვიდრე ოფიციალური თეირანი და ამერიკული მედიის ნაწილი, წყაროზე დაყრდნობით, მსგავს ინფორმაციას ავრცელებენ, შტატების მაღალი თანამდებობის პირები სრულიად საპირისპიროზე საუბრობენ.

როგორც CIA-ს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა და ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა განაცხადეს, პენტაგონის განახლებულმა მონაცემებმა ცხადყო, რომ განხორციელებულმა დარტყმებმა სერიოზულად დააზიანა ბირთვული პროგრამა და მის აღდგენას რამდენიმე წელი დასჭირდება. საპირისპიროს ამტკიცებენ საერთაშორისო ატომური ენერგიისა და შტატების თავდაცვის დაზვერვის სააგენტოები. მათი შეფასებით, პროგრამის მთავარი კომპონენტი - გამდიდრებული ურანი ობიექტებიდან დაბომბვამდე გაიტანეს და მათ არაფერი მოსვლიათ.

ოფიციალურმა თეირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადება ცრუ ინფორმაციად შეაფასა. უკმაყოფილების ნიშნად, ირანულმა პარლამენტმა სააგენტოსთან თანამშრომლობის შეწყვეტას დაუჭირა მხარი. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანა სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განხორციელების დაჩქარებას გეგმავს. თავის მხრივ, ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს დაზვერვის განახლებული მონაცემების მიღება შეუზღუდა. სავარაუდოდ, DIA-დან ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ ისინი ცდილობენ, აკონტროლონ ნარატივი და ხელი შეუშალონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მათი ოპერაციის არაეფექტურობას დაადასტურებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, განხორციელებული დარტყმების შესახებ გადაჭარბებულმა შეფასებებმა, შესაძლოა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას შეუქმნას საფრთხე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ირანი ამ ხელშეკრულების დატოვებაზე ფიქრობს. ექსპერტების თქმით, მსგავს საკითხთან დაკავშირებით მიუკერძოებელი მოკვლევის ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაცია არ დამახინჯდეს და შესაბამისად, მხარეებს შორის სანდოობა არ შემცირდეს. თუ სამთავრობო უწყებებსა და დაზვერვის სააგენტოს შორის მსგავსი დამოკიდებულება გაგრძელდება, ეს საერთო მიზნების შესრულებას საფრთხეს შეუქმნის და სამომავლოდ სამხედრო თუ დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას გაართულებს.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები