სეს-მა თბილისში არაალკოჰოლური სასმელების ორ საწარმოს წარმოება შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირების ფარგლებში თბილისში მოქმედი არაალკოჰოლური სასმელების ორი საწარმო – შპს „სურნელი 2008“ და ინდივიდუალური მეწარმის გ.მ.-ს წარმოება „თბილისური“ შეამოწმეს. უწყების ინფორმაციით, ორივე საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დარღვევა და არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია.
გარდა ამისა, საწარმო „თბილისურში“ დაფიქსირდა ეტიკეტირების წესების დარღვევა, ასევე საკვები დანამატების მიკვლევადობის მოთხოვნების შეუსრულებლობა.
კანონმდებლობის შესაბამისად, ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო საწარმოო პროცესი გამოვლენილი შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით წარმართონ.




























