მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების ბიუჯეტი შემცირდა - "აწარმოე საქართველოში" მიზეზებზე

აწარმოე

2024 წელს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდასაჭერად, სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 58 500 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2024 წლის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული. პროგრამა ერთ-ერთი უმსხვილესია, რომელიც ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობას ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 2023 წელთან შედარებით შემცირებულია. გასულ წელს პროგრამისთვის 108 000 000 ლარი იყო გათვალისწინებული. როგორც BMG-ის პროგრამის განმახორციელებელ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უთხრეს, გასულ წელს ფაქტობრივად 100 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება ბიუჯეტის შემცირების მიზეზებს, როგორც “აწარმოე საქართველოში” განმარტავენ, სესხების ნაწილი უკვე იფარება, ამასთან, რეფინანსირების განაკვეთის კლებამ დაფინანსებისთვის საჭირო თანხაც შეამცირა.

„სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამა, ინდუსტრიულ და უნივერსალურ ნაწილს მოიცავს. ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში, ახალი სესხის/ლიზინგის პროექტები 2021 წლის 15 დეკემბრიდან აღარ დასტურდება და ამჟამად მიმდინარეობს ზემოაღნიშნულ თარიღამდე დადასტურებულ პროექტებზე გადარიცხვები. აღნიშნული სესხები უკვე იფარება და შესაბამისად მცირდება წილი 2024 წლის ბიუჯეტში. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ უნივერსალურ ნაწილში, სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსება რეგულირდება სებ-ის რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შესაბამისად და მისი შემცირების პროპორციულად მცირდება სააგენტოს მიერ გადასარიცხი თანხის მოცულობა, შესაბამისად იკლებს პროგრამის ბიუჯეტიც“, - უთხრეს BMG-ს სააგენტოში.

DCFTA-ის 2023 წლის გეგმის შესრულების ანგარიშის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში 560 კომპანიის 655 სესხის/ლიზინგის თანადაფინანსება დამტკიცდა, რომელთა მოცულობა 519.6 მილიონი ლარია. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტების ფარგლებში დაგეგმილია 898.1 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელება და 5 700 ‐ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა.

ბიზნეს უნივერსალი გულისხმობს სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებას სრული ვადით, სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5% სესხის შემთხვევაში და ლიზინგის შემთხვევაში, რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%. ამასთან, სააგენტო ახორციელებს პროგრამის ფარგლებში დადასტურებული სესხის არაუმეტეს 80%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით. სესხის/ლიზინგის საგნის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარი, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარია.