2024 წელს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა. გასულ წელს ოკუპირებულმა რეგიონმა დაახლოებით 2.5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 150 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლები.
აქედან თითქმის 660 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია რუსეთიდან იმპორტირებული, ხოლო დარჩენილი ნაწილი ენგურისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იყო. რეგიონმა რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია იანვარ-თებერვალ-მარტში მოიხმარა. ელექტროენერგეტიკული ბალანსის მიხედვით, 2024 წელს აფხაზეთმა ენგურჰესისა და ვარდნილჰესის კასკადის ჯამური გამომუშავების 46% მოიხმარა.
აფხაზეთის ომის შემდეგ, როდესაც ენგურჰესის შენობა (სამანქანო დარბაზი) ქვესადგური და ვარდნილჰესი მთლიანად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩა, ხოლო კაშხალი, წყალსაცავი და დერივაციული გვირაბის ნახევარი გამყოფი ხაზის აქეთ, მოხდა არაფორმალური, ზეპირი შეთანხმება ენგურ-ვარდნილის კასკადის გამომუშავების განაწილების შესახებ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის პროპორციით 40/60, რაც იმ პერიოდისათვის გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს დარჩენილი აქტივების შეფასებულ ღირებულებას შეესაბამებოდა.




























