კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა საქართველოში სწრაფი ტემპით იზრდება, რაც ონლაინ სერვისებსა და ციფრულ პლატფორმებზე მზარდი მოთხოვნითაა გამოწვეული.
კერძოდ, წინა წელთან შედარებით, 2024 წელს მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 280 ათასით გაიზარდა და 4.6 მილიონი შეადგინა. მზარდია მობილური აბონენტების რაოდენობაც. 2023 წელთან შედარებით, შარშან მაჩვენებელი 230 ათასი გაიზარდა ჯამურად 6.14 მილიონი შეადგინა.
საგულისხმოა, რომ ეს მატება გამოწვეულია როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური აბონენტების ზრდით. იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობამ, 2024 წელს, მთლიანი აბონენტების 25.4% შეადგინა და 1.55 მილიონს გაუტოლდა. ამავე პერიოდში, ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა 4.59 მილიონი იყო.
ანგარიშის მიხედვით, აბონენტების რაოდენობით, მობილური ოპერატორების საბაზრო წილები 2023 წელთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა.
- მაგთიკომი – 41%;
- სილქნეტი – 35%;
- სელფი მობაილი – 23%;
- ჰალო – 0.5%;
შარშან „მაგთიკომს“ 1.84 მილიონი ფიზიკური პირი და 680 ათასი იურიდიული პირი აბონენტი ჰყავდა. „სილქნეტს“ – 1.6 მილიონი ფიზიკური პირი და 570 ათასი იურიდიული. „სელფი მობაილისთვის“ ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა 1.12 მილიონს შეადგენდა, ხოლო იურიდიული - 300 ათას. „ჰალოს“ მხოლოდ ფიზიკური პირი აბონენტები ჰყავდა და მათი რაოდენობა 30 ათასი იყო.