საქართველო, თურქმენეთი, რუმინეთი და აზერბაიჯანი ახალი სატრანსპორტო მარშრუტის დაარსებას გეგმავენ - ამას ითვალისწინებს მთავრობის 8 დეკემბრის განკარგულება. ამავე დოკუმენტის თანახმად, სატრანსპორტო დერეფნის სახელი იქნება - "შავი ზღვა - კასპიის ზღვა".
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს „რუმინეთის მთავრობას, საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის „შავი ზღვა - კასპიის ზღვა“ დაარსებისა და ფუნქციონირების შესახებ“ შეთანხმებას", - ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
სავარაუდოდ, აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტის შესახებ იყო მსჯელობა 12 დეკემბერს, აშხაბადში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე გამართულ შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდარ ბერდიმუჰამედოვს შორის შედგა.
"მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას,"- ნათქვამი იყო 12 დეკემბერს მხარეთა შორის გამართული შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშხაბადში ასევე გამართა შეხვედრა აზერბაიჯანის პრემიერთან ალი ასადოვთანაც, სადაც საუბარი ასევე ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას შეეხო.
BMG-მ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა კითხვით - უშუალოდ რა მასშტაბის გადაზიდვების განხორციელებას ითვალისწინებს ახალი სატრანსპორტო დერეფნის შესახებ გასაფორმებელი შეთანხმება.




























