მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვრის უსაფრთხოება, ანაკლიის პორტი... - რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა Chatham House-ის ღონისძიებაზე

salome

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლონდონში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

პრეზიდენტმა ისაუბრა, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ყურადღება შავი ზღვრის უსაფრთხოების საკითხზე გაამახვილა. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ "შავი ზღვრის უსაფრთხოება ყველას გვეხება, რადგან რუსეთს მასზე ექსკლუზივი არ უნდა ჰქონდეს".

მან ასევე ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იგი ქვეყნის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.

აღნიშნულ საკითხებზე საუბარი გამოიწვია, ჩინეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე დასმულმა კითხვამ, რაზეც აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ბოლო დროს უფრო და უფრო გააქტიურდა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ "ჩინეთი საქართველოში აქტიურია ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტში, რადგან იაფია" და განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორებისგან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მეტი ჩართულობა გვჭირდება.

"საქართველოში ჩინეთი აქტიურდება. ეს მოხდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ის ახლა უფრო და უფრო აქტიურია. ახლა ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, არ მკითხოთ ეს რას ნიშნავს, მაგრამ ჩინეთმა უვიზო რეჟიმი შემოიღო საქართველოს მოქალაქეებისთვის.

გარდა ამისა ჩინეთი საქართველოში აქტიურია ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტში, რადგან იაფია, პატივს არ სცემს ბევრ კანონსა და შრომის უფლებებს, მაგრამ ეს იმიტომაა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნაკლებად არიან ჩართულები. ალბათ, დასავლელი პარტნიორებისგან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მეტი ჩართულობა გვჭირდება. ერთ-ერთია ანაკლიის პორტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. შავი ზღვრის უსაფრთხოება, არის საკითხი, რომელიც, ალბათ, ყველას გვეხება მომავლისთვის. შავ ზღვაზე საქართველოს სანაპირო არსებითი მნიშვნელობის არის, რათა რუსეთს ექსკლუზივი არ ჰქონდეს შავი ზღვის თანამშრომლობაზე და ვაჭრობაზე,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტი შეეხო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. მან თქვა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის რიტორიკა შეიცვალა. მან ყურადღება გაამახვილა ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დამოკიდებულებაზე დასავლეთის მიმართ.

"ახალი პრემიერ-მინისტრი გვყავს, ის ადამიანი, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტი უარყო, რომელსაც ყველაზე ანტი-დასავლური პროპაგანდისტული რიტორიკა ჰქონდა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში და მოულოდნელად, ის ბრიუსელში მიდის და ამტკიცებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბრიუსელი პირველი ვიზიტის ადგილი იყოს. თითქმის ყოველდღიურად ევროპელ ელჩებს იღებს, რათა თქვას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ 9 რეკომენდაციის იმპლემენტაცია. იღებს ამერიკელ ელჩს, რათა თქვას, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გავაღრმაოთ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომზე და თქვა, რომ რუსეთთან ომის გამოცდილება საქართველოს აქვს, მაგრამ ახლა დახმარება უკრაინას სჭირდება. მან ასევე თქვა, რომ საქართველოსთვის ევროპული გზის გაგრძელებაში ერთი უზარმაზარი გამოწვევაა - რუსეთი: "ამ გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები