გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, ავიაკომპანიების, აეროპორტების, ფინანსური ინსტიტუტების, ბანკების და მედია ორგანიზაციების მუშაობა შეფერხებულია. ამის შესახებ დასავლური მედიაგამოცემები წერენ.
კერძოდ, ტექნიკური შეფერხების შესახებ აცხადებენ ბერლინის, ამსტერდამის, ლონდონის აეროპორტები. ასევე, ესპანეთის, ავსტრალიის, იაპონიის აეროპორტებიც.
ბერლინის ბრანდერბურგის აეროპორტმა განაცხადა, რომ მგზავრები დაგვიანებით ახერხებენ რეგისტრაციის გავლას. შედეგად შეფერხდა ავიარეისების განხორციელება. გლობალური IT-პრობლემის გამო, აეროპორტიდან დღეს აფრენა-დაფრენა ვერცერთმა თვითმფრინავმა ვერ შეძლო.
მგზავრებს ავიაკომპანიებიც აფრთხილებენ. მაგალითად, Turkish Airlines-მა განაცხადა, რომ მომხმარებლები ვერ ახერხებენ ბილეთების რეზერვაციას, რეგისტრაციის გავლას და ა.შ.