ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე ქართველ მეწარმეებს შუა აზიის ქვეყნებზე ფოკუსირებას ურჩევს. გიორგი ჯახუტაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა ყაზახეთსა და შუა აზიის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობა გაზარდოს და ამისთვის მრავალი წინაპირობაა, მათ შორის, ამ ქვეყნებში ქართული პროდუქციის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულება.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის ვაჭრობა ბოლო წლებში მზარდია, თუმცა მთავარი ძირითადად მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე, რომლის ექსპორტმა 2023 წელს 500 მლნ დოლარს გადააჭარბა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ლიდერობს 2024 წლის 5 თვის მონაცემებშიც. იმპორტი კი, ნავთობის, ხორბლისა თუ ნედლეულის მსხვილი მწარმოებელი ამ ქვეყნიდან თითქმის უმნიშვნელოა.
ექსპორტი ყაზახეთში
- მსუბუქი ავტომობილები - 237.2 მლნ დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები - 10.03 მლნ დოლარი
- წყლები შაქრის დანამატით - 4.5 მლნ დოლარი
- ღვინო - 3.9 მლნ დოლარი
- მაცივრები/ საყინულეები - 2.3 მლნ დოლარი
- სულ 2024 წლის 5 თვე - 274,768 მლნ დოლარი
- ექსპორტი 2023 წელს - 703 მლნ დოლარი
- იმპორტი ყაზახეთში
- საფრენი აპარატები - 3.7 მლნ დოლარი
- ლიანდაგები - 2.02 მლნ დოლარი
- ხახვისმაგვარი ბოსტნეული - 1.46 მლნ დოლარი
- საწებლები/ მდოგვი - 1.2 მლნ დოლარი
- კოქსი/ ქვანახშირი - 1.06 მლნ დოლარი
- სულ 2024 წლის 5 თვე - 20.7 მლნ დოლარი
- იმპორტი 2023 წელს - 32,95 მლნ დოლარი
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებაში ფიქრობენ, რომ ეს სტატისტიკაც ცხადყოფს პოტენციალს,რაც ქვეყნებს შორის ვაჭრობის გააქტიურების კუთხით არსებობს.
„ექსპორტს თუ შევხედავთ, სტაბილური ზრდაა მინერალური და მტკნარი წყლების სეგმენტში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, საქართველო, როგორც ბრენდი და ქართული პროდუქტი ძალიან დადებითად პოზიციონირებს ყაზახეთის ბაზარზე. მათ მოსწონთ საქართველო, ტურისტულად დადებით ემოციები აქვთ და ცნობადობაც მაღალია. სტაბილურად მაღალია იმ ქართული პროდუქტების რეალიზაცია, რომლებიც ყაზახეთში თაროზე ჩნდება და ხელმისაწვდომია. აქ პრობლემა სხვა კუთხით არსებობს. ჩვენ არ გვაქვს იმ მოცულობის ხარისხიანი და ბრენდირებული საექსპორტო პროდუქტი, რომ შევავსოთ ყახაზეთის თუ შუა აზიის ბაზარი“, - განაცხადა გიორგი ჯახუტაშვილმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას.
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე ბიზნესს ურჩევს უფრო აქტიურად შეხედონ ყაზახეთს, როგორც მიმზიდველ საექსპორტო ბაზარს.
„ჩემს კოლეგებთანაც იმავეს ვამბობ, რომ კარგია ევროპული ბაზარი, თუმცა ევროპულ ბაზარს აქვს თავისი მკაცრი მოთხოვნები, მაშინ როდესაც შუა აზიის ბაზარზე, რომელიც არის 100- მილიონიანი მოსახლის ბაზარი, უფრო დაბალია სტანდარტები და ჩვენ შეგვიძლია გარკვეული სარეალიზაციო მოცულობები სწორედ შუა აზიაზე გავასწოროთ, გავასწოროთ, დავალაგოთ წარმოება და პარალელურად, ვიზრუნოთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გავზარდოთ ექსპორტი. ჩვენ ექსპორტის განვითარების ეტაპები არ გვაქვს გავლილი, ფაქტობრივად, არ გვყავს საექსპორტოდ მომზადებული კომპანიები. ვინც მზად არის, მაგალითად „ბორჯომი“ რომელიც ლიდერია ყაზახეთში ექსპორტის კუთხით, მათ აქვთ გააზრებული სტრატეგია და შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსებიც“, - ამბობს გიორგი ჯახუტაშვილი.