„წინასწარ ვერავინ იტყვის განვითარდება თუ არა სტიქია, თუმცა ის, რომ რაჭაში წინა დღეს წვიმა მოვიდა, გამაფრთხილებელი უნდა ყოფილიყო სპეციალური სამსახურებისთვის, მისი ადგილზე არსებობის შემთხვევაში, რომ გადაემოწმებინათ, ხომ არ იყო ევაკუაცია დასაწყები“,- ამის შესახებ მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს.
მისი თქმით, მონიტორინგის სისტემების გამართვა და ინსტიტუციური გაძლიერება მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
„სამაშველო სამსახურები უნდა იყოს ყველა ტურისტულ ობიექტთან ახლოს. იქ ჯგუფები უნდა იყოს, რომლებიც აფრთხილებენ მოსახლეობას, რა უნდა გააკეთონ სტიქიის განვითარების დროს. წინასწარ ვერავინ იტყვის, რომ სტიქია განვითარდება, ამჯერადაც თითქოს ღრუბელი არ იყო, თითქოს წვიმა არ იყო, მაგრამ წინა დღეებში იყო წვიმა, რაც გამაფრთხილებელია და ჩვენ უკვე უნდა გვცოდნოდა, რომ რაღაცა შეიძლება განვითარდეს. შეიძლება არც არაფერი განვითარდეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის უნდა ყოფილიყო სპეციალური სამსახური ადგილზე.
ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ მონიტორინგის სისტემები გაიმართოს, ინსტიტუციური გაძლიერება უნდა მოხდეს შესაბამისი სამსახურების. ჩვენ არ გვაქვს ერთიანი გეოლოგიის სამსახური და უნდა გვქონდეს.
იმდენად აქტიურია პროცესები დედამიწაზე, რომ არავინ იცის რა მოხდება. უფრო მეტი დაკვირვების სისტემები უნდა იყოს, შეიძლება ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ ეს არის ადამიანის უსაფრთხოება და გვინდა არ გვინდა ამაში ფული უნდა დაიხარჯოს. აქ კერძო ბიზნესი მარტო ვერაფერს გააკეთებს, აქ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ზოგადად, მაგრამ კერძოც უნდა იყოს ჩართული ამაში“,-აცხადებს ნინო ჩხობაძე.
გარემოს დაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ინტენსიურად ავითარებს სტიქიურ პროცესებზე დაკვირვების სისტემებს. უწყება განმარტავს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში 60-ზე მეტი მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური თანამედროვე, ავტომატიზებული დაკვირვების სისტემები განთავსდა. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით მუშავდება ბუნებრივი საფრთხეების რუკები და ინერგება მონიტორინგის და პროგნოზირების თანამედროვე სისტემები.
„აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული კომპლექსური ხასიათის სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება მთელ მსოფლიოში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული“,-ნათქვამია ინფორმაციაში.